LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრივატიზების პროცესის დასრულებასთან დაკავშირებული სპეციალური წესი დამტკიცდა

96

სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ზოგიერთ ქონებაზე პრივატიზების პროცესის დასრულებასთან დაკავშირებული სპეციალური წესი დამტკიცდა.

მოქალაქეებს, რომლებსაც 2010 წლამდე ჰქონდათ ნასყიდობები გაფორმებული, ხოლო პროცესი არ იყო დასრულებული, მათ ამ ნასყიდობების დასრულების უფლება მიეცემათ.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განმარტა, შემთხვევები – როდესაც გაყიდული იყო მხოლოდ შენობა-ნაგებობა და არ იყო გაყიდული მიწა, ფიქსირდებოდა იმ დროს, ვიდრე “სახელმწიფო ქონების შესახებ კანონი” ძალაში შევიდოდა.

დიმიტრი ქუმსიშვილის ცნობით, არის შემთხვევები, როდესაც შენობის ფართი არის უფრო მეტია, ვიდრე მათზე მიყოლებული მიწა.

“ამ დადგენილებთ ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობებს, რომ აღნიშნულმა პირებმა, კომპანიებმა, მოითხოვონ შენობის ქვეშ არსებული მიწა მთლიანად, იმისთვის, რომ მოხდეს მიკუთვნება, მიუხედავად იმისა, რა იყო ჩაწერილი საპრივატიზებო დოკუმენტაციაში. ასეთი ამ წუთში ჩვენ გვაქვს დაფიქსირებული 100-ზე მეტი განაცხადი, თუმცა რა ანალიზსაც ვაკეთებთ, სავარაუდოდ 250 შემთხვევაზე გავრცელდება. აქ მათ, ზუსტად ისევე, როგორც “მიკუთვნების და აღიარების შესახებ კანონშია”, მოუწევთ გარკვეული საზღაურის გადახდა, რომელიც არის ხუთმაგი წლიური საგადასახადო ოდენობის ტოლი” – განაცხადა ქუმსიშვილმა.

მეორე განკარგულების პროექტი ეხება ასევე დაუსრულებელი პრივატიზების საკითხს 2010 წლამდე, ვიდრე „სახელმწიფო ქონების შესახებ” კანონი ძალაში შევიდოდა.

ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, ეს ეხება იმ შემთხვევებს, როდესაც დაგვიანებით იყო გადახდილი თანხები, ან არ იყო სრულად გადახდილი.

„ორი პრინციპი ავირჩიეთ. ერთი არის სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწებზე თუ იყო 50% ან მეტი გადახდილი, ამ შემთხვევაში ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში, მათ დაასრულონ პრივატიზების პროცესი და შესაბამისად, მიიღონ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. არის მეორე პრინციპი – თუ ეს არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიმართულება, ამ შემთხვევაში უნდა ჰქონდეთ გადახდილი 80% ან მეტი და ჩვენ მათ მივცემთ პრივატიზების დასრულების უფლებას” – განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, არის შემთხვევები, როდესაც სრულად არის თანხა გადახდილი, მაგრამ ვადის დაგვიანებით. ასეთი შემთხვევა აღემატება 150-ს, თუმცა, ანალიზის მიხედვით, დაახლოებით 350 შემთხვევა ივარაუდება.

“ამ ადამიანებს მოვუსწერიგებთ მათი საკუთრების უფლებას, შესაძლებლობას მივცემთ, რომ მათ ნორმალურად განკარგონ თავიანთი საკუთრება. ამისთვის მათ უნდა მიმართონ განაცხადით ეკონომიკის სამინისტროს, კერძოდ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს” – განაცხადა ქუმსიშვილმა.

პოპულალურები