LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრობლემები, რომლებიც საქართველოში მერძევეობის ინდუსტრიას აქვს

191

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ინფორმაციით, საქართველოს მერძევეობის ინდუსტრია მზარდი ტემპებით ვითარდება, რაც განპირობებულია გაუმჯობესებული საინვესტიციო კლიმატით, კარგი პირობების არსებობით სარძეო ფერმებისთვის, რძეზე და რძის პროდუქტებზე მაღალი მოთხოვნის არსებობით.

თუმცა, FAO-ს განცხადებით, ინდუსტრიაში ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები. კერძოდ, ქვეყნის მერძევე ფერმერებიდან ბევრი განიცდის ტექნიკური ინოვაციების ნაკლებობას, უფრო უსაფრთხო და მაღალი ხარისხის რძის წარმოებისთვის.

„გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან ერთად (FAO) მხარს უჭერს საქართველოს წამყვან სარძეო ფერმებს მოდერნიზაციის, რძის წარმოებისა და ხარისხის გაზრდის პროცესში. ჩვენ უკვე დავამყარეთ კავშირი მერძევეობის ინდუსტრიის ბევრ წარმომადგენელთან საქართველოში ტრენინგების, სასწავლო ტურებისა და საინფორმაციო პორტალის საშუალებით, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მერძევეობის ბაზრის შესახებ მუდმივად განახლებადი ინფორმაციაა განთავსებული, ასევე ღონისძიებების საშუალებით, სადაც ხდება ცოდნის გაზიარება მერძევეობის სექტორში არსებულ უახლეს ტენდენციებზე, ტექნოლოგიურ და სურსათის უვნებლობის სტანდარტებზე, ინვესტიციების შესაძლებლობებზე”, – განაცხადა FAO-ს ეკონომისტმა, ანდრიი იარმაკმა.

მისივე თქმით, ასეთი ტიპის ცოდნის გაზიარებას შეუძლია დაეხმაროს მიწოდების ჯაჭვს ქვეყნის მერძევეობის სექტორში გახდეს უფრო ეფექტური და ინკლუზიური. FAO/EBRD-ის ერთობლივმა კვლევამ აჩვენა, რომ მარტივი ცვლილებების შეტანით საკუთარ საქმიანობაში, ქართველ კომერციულ მერძევე ფერმერებს შეუძლიათ გაზარდონ პროდუქტიულობა 35%-ით. უფრო მეტიც, ამ ცვლილებების განხორციელება არ მოითხოვს დიდ ინვესტიციებს.

”უკრაინის მაგალითით შთაგონებულმა ქართველი ფერმერების ჯგუფმა ჩამოაყალიბა რძის მწარმოებელთა ასოციაცია საქართველოში. FAO-ს და EBRD-ის მხარდაჭერით ჯგუფი ესტუმრა კომერციულ ფერმებს საქართველოსა და უკრაინაში, სადაც ფერმერებმა მიიღეს მეტი ინფორმაცია და ცოდნა თანამედროვე სარძეო ფერმის ფუნქციონირების შესახებ, მათ შორის მეწარმეების მენეჯერული საქმიანობის შესახებ. ბევრმა ფერმერმა დაიწყო თავისი ფერმის განახლება, ახალი ჯიშის პირუტყვის და ტექნოლოგიების შეძენა პროდუქტიულობისა და მოგების გასაზრდელად. მას შემდეგ, რამდენიმე მაღალ-ეფექტიანი ფერმა შეიქმნა ქვეყანაში. უკრაინაში სასწავლო ვიზიტის შემდეგ განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ერთ-ერთმა ქართულმა ფერმამ, „ყვარლის ბაგამ“ აღნიშნა თუ როგორ შემცირდა სიკვდილიანობის მაჩვენებელი მათ ფერმაში 20%-დან 2.3%-მდე ერთი წლის განმავლობაში. ეს მრავალთაგან ერთ-ერთი ხელშესახები გაუმჯობესების მაგალითია”, – აცხადებენ FAO-ში.

FAO-მ და EBRD-მ 2016 წელს განახორციელეს მოდულური ტრენინგების პროგრამა, წარმოების ახალი მეთოდების გასაცნობად ქართველი ფერმერებისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით.

„ქვეყნის მერძევე ფერმერებმა მოკლე პერიოდში დიდი პროგრესი განიცადეს, გაზარდეს თავიანთი ეფექტიანობა და გააუმჯობესეს უვნებლობის სტანდარტები, ცხოველთა ჯანმრთელობა და კეთილდღეობა. სექტორის მომავალი პოზიტიურია, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ, რომ მოთხოვნა მაღალი ხარისხის რძესა და რძის პროდუქტებზე იზრდება. ჩვენ ვხედავთ ახალ ინვესტიციებს რძის პირველადი წარმოების და გადამუშავების სექტორში, რაც ამაღელვებელია, რადგან ეს არის ის მამოძრავებელი ძალა, რომელსაც შეუძლია შეცვალოს ინდუსტრია ყველას სასარგებლოდ, მათ შორის მომხმარებლებისთვისაც”, – განაცხადა EBRD-ის აგრო-ბიზნესის საკონსულტაციო მიმართულების ხელმძღვანელმა ვიქტორია ზინჩუკმა.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, სექტორის განვითარების პროცესის შენარჩუნების ერთ-ერთი გზა ქვეყნის რძის მწარმოებლების ასოციაციის შესაძლებლობების გაძლიერებაა.

საქართველოში FAO-ს წარმომადგენლის, მამუკა მესხის განცხადებით, მწარმოებლების ამგვარი გაერთიანებები წარმოუდგენლად სასარგებლოა ღირებულებათა ჯაჭვის ინტეგრირებისთვის. გარდა ამისა, მეტი კოოპერაცია გაზრდის ცოდნის გაზიარებას და წარმოების პროცესი გახდება უფრო ეფექტიანი.

ასოციაციამ ჩამოაყალიბა საკონსულტაციო ცენტრი, სადაც ასოციაციის წევრებს მომზადებული სპეციალისტები გაუწევენ კონსულტაციებს. საკონსულტაციო ცენტრის დახმარებით ასევე შესაძლებელი იქნება ინფორმაციის მიღება სხვადასხვა საწარმოო ინვენტარის შესყიდვისთვის არსებული შესაძლებლობების შესახებ.

FAO-ს და EBRD-ის მიერ სამეზობლო ქვეყნებში ინიცირებული ოფიციალური დიალოგი კერძო და საჯარო სექტორს შორის, ასევე დადებით ზეგავლენას მოახდენს საქართველოს მერძევეობის სექტორზე. კიდევ ერთი პროექტის ფარგლებში FAO და EBRD უკვე უჭერენ მხარს ადგილწარმოშობის დასახელებების ამოქმედებას ქართული, ტრადიციული ყველის წარმოებაში, რათა შეიქმნას დამატებითი ღირებულება ბაზრის ამ კონკრეტული ნიშისთვის. დამატებით, FAO/EBRD-ის მომავალი პროექტი გააძლიერებს პოლიტიკურ და ბიზნეს სტრატეგიას საქართველოს მერძევეობის სექტორში, სახელმწიფოსა და მერძევეობის სექტორის კერძო წარმომადგენლებს შორის კონსტრუქციული დიალოგის ხელშეწყობით, ასევე ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერით, მათთვის ტრენინგების ჩატარების და ცოდნის გაზიარების გზით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები