LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროფესია, რომელიც ომის შიშზეც გათქმევინებს უარს – ჟურნალისტები აგვისტოს მოვლენებში

„თვალწინ მიდგას, მოდის კაცი დაკოჟრილი ხელებით, დატანჯული სახით, გაუპარსავი და ძროხა მოჰყავს, საქონელი რომელიც მისი საარსებო წყარო იყო. მახსოვს ბავშვიც, რომელიც ამბობს, რომ მშობლები ყავს ცხინვალში და უნდა შევიდეს ქალაქში, სადაც უბდურება ტრიალებს. ომის ამბები არ არის უბრალოდ ნიუსი, ეს არის კატასტროფა, რომლის გადაღებას და აუდიტორიისთვის მიწოდებას ძლიერი ფსიქიკა სჭირდება,“ – სამხედრო ჟურნალისტი გიორგი ცხვიტავა 10 წლის შემდეგ ომის კადრებს ისეთივე სიმძაფრით იხსენებს, თითქოს დრო არ გასულა. ამბობს, რომ ეს ის კადრებია, რომელსაც 100 წელიც კი  ვერ გააუფერულებს.

ტელეკომპანია“ საქართველოს“ გადამღები ჯგუფი გორიდან ცხინვალისკენ 7 აგვისტოს საღამოს წავიდა. საკუთარ ქვეყანაში ომის გადაღება გამოცდილი სამხედრო ჟურნალისტისთისთვისაც კი, ძალიან რთული აღმოჩნდა.

„სოფელ მეღვრიკისთან შევიკრიბეთ, სადაც რუსული ბლოკ-პოსტი იყო, იქ შეიკრიბა ჟურნალისტების ძირითადი ნაწილი. მუდმივად ისმოდა სროლის ხმა, ვუყურებდით რუსულ სამხედრო თვითმფრინავებს, რომლებიც საქართველოს საჰაერო სივრცეში დაფრინავდნენ, გამოჰყავდათ დაჭრილები… ასმაგად უფრო მძიმეა, როცა უყურებ და იღებ ომს შენს ქვეყანაში, ხედავ შენი ქვეყნის ჯარისკაცები იღუპებიან, იღუპებიან ბავშვები, ახალგაზრდები, მშვიდობიანი მოსახლეობა შენს თვალწინ ტოვებს სახლებს. რეკავ დასავლეთში, იგებ, რომ ფოთი დაიბომბა და ხვდები, რომ შენი სამშობლო იწვის, აგრესორი ყველა მხრიდან შემოდის… ამის ნახვა, გადაღება იმდენად ძნელია, მხოლოდ პროფესიული ვალდებულება გეხმარება ამ დროს და პასაუხისმგებლობის გრძნობა,“ – ამბობს გიორგი ცქვიტავა „ფორტუნასთან 10 წლის შემდეგ.

 

 

„ბიჭებო ეს უკვე ომია“ – მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტ დათო კაკულიასთვის ომი გაცილებით ადრე, ივლისის დღეებში დაიწყო, როცა ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსი ჟურნალისტების და დამტებითი სამხედრო ტექნიკის მობილიზება და პროვოკაციები დაიწყო, ეს სიტყვები ღიად 7 აგვისტოს, ქართველი სამშვიდობოებისგან გაიგო.

7 აგვისტოს კეხვში სამშვიდობოებთან შევედით, ჯავშანმანქანიდან სამხედროები გადმოვიდნენ, ყურებიდან სისხლი მოსდიოდათ, პირდაპირ გვითხრეს, „ბიჭებო ეს უკვე ომია“…

მწარედ მახსოვს, მეღვრიკისთან ვიდექით ჟურნალისტები, თავზე თვითმფრინავებმა გადაგვიფრინეს, ქართული ავიაცია გვეგონა და ტაშით შევხვდით. როცა შენი ქვეყანა ომობს და ხედავ, შენი ავიაცია ჰაერშია, ეს ნიშნავს, რომ თავგანწირული იბრძვი. შემდეგ გადაღებული ფოტო მოვაახლოვეთ და წითელი ვარსკვლავი დავინახეთ, ზუსტად 10 წუთში გავიგეთ, რომ გორი დაიბომბა. მეღვრიკისიდან გორში წავედით, ეს ის დროა, როცა გორში სატანკო ნაწილთან კორპუსებს დაარტყეს, თან გადაღება გვინდოდა, თან გვეშინოდა, უმისამართოდ ფეთქდებოდა ყველაფერი, ამ დროს დავინახე „შევარდნაძე“ მაისურით უკრაინელი ოპერატორი დგას და იღებს, მაშინ იყო, როცა ჩემ თავს ვუთხარი – ის ჩემი ქვეყნის ომში დგას და არ ეშინია, გამოვედი და ჩართვის იმიტაცია ჩავწერე,“ – ყვება „ფორტუნასთან“ დათო კაკულია.

ცხელ წერტილებში ბოლო წუთებამდე მუშაობის მიუხედავად, ჟურნალისტი დღეს ფიქრობს, რომ რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ მეტის გაკეთება შეიძლებოდა. მიზანი ეჩვენებინა მსოფლიოსთვის, როგორ იბრძოდა ქართული ჯარი და დაპირისპირებოდა იმ ტყუილებს, რაც ქართველ სამხედროებზე, რუსული საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდებოდა, ბოლომდე ვერ შესრულდა.

 

 

საკუთარ ქვეყანაში ომი მესამედ ნახა ჟურნალისტმა პაატა შამუგიამ. ტელეკომპანია “აჭარის” გადამღები ჯგუფი გორის დაბომბვის ეპიცენტრში, გორის სატანკო ბაზასთან აღმოჩნდა. სიკვდილს გადარჩენილი ჟურნალისტების მიერ გადაღებული კადრები ყველა საერთაშორისო მედია საშუალებით გავრცელდა.

იმ დილით ოპერატორთან და სხვა ჟურნალისტებთან ერთად, გორის შესასვლელში, ქართული ჯარის შტაბის გადასაღებად წავედით, ჩვეულებრივი, შედარებით წყნარი დილა იყო, ტერიტორიის გადაღების დაწყებისთანავე ფოთლების ტკაცუნის მაგვარი ხმა გავიგეთ, რასაც წამებში თვითმფრინავების გამოჩენა და ცეცხლი მოჰყვა. ვიქნები გულწრფელი, პირველი რეაქცია წამიერი შიში იყო – ვიბომბებით, თუმცა პასუხისმგებლობა, რომ პირველები აღმოვჩნდით იქ ,შიშზე ძლიერი აღმოჩნდა და მაშინვე გადაღება დავიწყეთ. ეს იყო კადრები, რომლითაც მსოფლიოს გავაგებინთ, რა ხდებოდა რეალურად, რომ რუსები მშვიდობიან მოქალაქეებს და საცხოვრებელ კორპუსებს ბომბავდნენ ,” – იხსენებს პაატა შამუგია.

მძიმე კადრების გადაღების პარალელურად “აჭარის” გადამღები ჯგუფი დაბომბვისას დაკარგულ კოლეგებს ეძებდა. დაჭრილები, ჩამოშლილი კორპუსი, ცეცხლი, გარდაცვლილები – ჟურნალისტების მიერ გადაღებულმა კადრებმა რუსული პროპაგანდა დაამარცხა.

 

 

ერთ ხელში მობილურით, მეორეში იარღით – ჟურნალისტი გოგა ბერიძე აგვისტოს ომში რეზერვისტად მოხვდა. ცხინვალის მისადგომებიდან გორამდე და გორის დაბომბვისას ნანახი ომის კადრები მისთვის დღესაც რთულად გასახსენებელია.

პირველ დაბომბვაში 8 აგვისტოს, ცხინვალიდან დაბრუნებისას, ცხინვალის გზაზე მოვყევით. აფეთქების ტალღა ჰაერში გვყრიდა. იმ საშინელი კადრების დაძლევაში, რასაც ვხედავდი, ახლა ზუსტად ვიცი, პროფესია დამეხმარა. სადაც ტელეფონი იჭერდა, ვმუშაობდი ნონ სტოპის რეჟიმში. მქონდა გამოცდილებაც და ვფიქრობდი იმაზეც, მტრის მხარეს არ ესარგებლა ჩვენი ინფორმაციით. შესაბამისად, იფილტრებოდა ახალი ამბავიც, არანაირი სტრატეგიული ობიექტების დასახელება, არანაირი ჯარის გადაადგილების სქემა, აღვწერდი მხოლოდ მომხდარ ამბებს, რა ხდებოდა ცხინვალის მისადგომებთან, ცხინვალიდან გორამდე და შემდეგ უკვე დაბომბილ გორში,” – იხსენებს გოგა ბერიძე.

გოგა ყვება, რომ ომის დღეებში სიკვდილზე ან საფრთხეზე არ უფიქრია, თვითგადარჩენის ინსტიქტი, ბრძოლა, სხვების დახმარება, პროფესიული ვალდებულება – ეს ყველაფერი დაეხმარა გაეძლო და ომი მხოლოდ თბილისში დაბრუნების შემდეგ გააცნობიერა.

აგვისტოს დღეებიდან 2-3 თვის მანძილზე, ძილში თვითმფრინავის ხმის გაგონებაზე იატაკზე ვწვებოდი, ისე, როგორც ომში ვიქცეოდით,“ – იხსებენს ჟურნალისტი „ფორტუნასთან“.

 

 

10 წლის წინ, აგვისტოს ომის სისხლიანი დღეების გაშუქებას სამი ჟურნალისტის სიცოცხლე ემსხვერპლა. 2008 წლის 10 აგვისტოს, ფოტოგრაფი საშა კლიმჩუკი და ტელეკომპანია „ალანიას“ ახალი ამბების რედაქტორი გიგა ჩიხლაძე ცხინვალთან ახლოს ავტომანქანაში ჩაცხრილეს. გავრცელებილი ვერსიით, ოსური დაჯგუფების წევრებმა ისინი სიკვდილით, ქართულად ნათქვამი გამარჯობის გამო დასაჯეს. 12 აგვისტოს ერთ-ერთი აფეთქებისას დაიღუპა ჰოლანდიელი ოპერატორი სტანს ტორიმანსი. რუსმა სამხედროებმა პირდაპირ ეთერში დაჭრეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი თამარ ურუშაძეც, სულ აგვისტოს ომში 11-მა ჟურნალისტმა მიიღო სხეულის სხვადასხვა სახის  დაზიანება.

 

თამუნა გოგუაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები