LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროფესიული განათლების ახალი სისტემის შექმნის მიზნით, კანონში ცვლილებები განხორციელდება

77

პროფესიული განათლების ახალი სისტემის ჩამოყალიბების მიზნით, კანონში ცვლილებები განხორციელდება. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, პროფესიულ განათლებაში საშუალო საფეხურის ინტეგრაცია ხდება. ამას ითვალისწინებს „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების პაკეტი, რომელიც მთავრობას უკვე წარედგინა.

„ვიწყებთ სრულიად ახალ ეტაპს ევროპაში არსებული თანამედროვე მოდელების გათვალისწინებით, ეს გახლავთ ძირითადად ავსტრიაში, გერმანიაში, შვეიცარიაში აპრობირებული მოდელები. ჩნდება ატესტატის მიღებისა და პროფესიული განათლებიდან და უმაღლესი განათლების საფეხურზე გადასვლის შესაძლებლობა. ცვლილებები ასევე ქმნის პროფესიული განთლების საფეხურზე მიღებული კრედიტების უმაღლესი განათლების საფეხურზე ჩათვლის შესაძლებლობას. მოხდება სამუშაოზე დაფუძნებული ანუ ე.წ. დუალური სწავლების ფორმის განსაზღვრა და მისი პრიორიტეტიზაცია.

ცვლილებები ასევე აჩენს ერთობრივი და გაცვლითი პროგრამების განხორციელების შესაძლებლობას. ჩამოყალიბდება პროფესიული მომზადებისა და გადამზადების სისტემა, არა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის, არამედ ზრდასრულებისთვის. განხორციელდება მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროგრამები, რომელთა მიზანი ერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს კვალიფიკაციის მინიჭება, მეორე შემთხვევაში ცალკეული კომპეტენციების განვითარება, ცოდნის გაღრმავება-გადამზადება და ა.შ. დაინერგება ინკლუზიური განათლების სისტემური მოდელები. სახელმწიფო პროფესიულ დაწესებულებებს ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების, მათ შორის სწავლის პროცესში შემქნილი პროდუქციის რეალიზაციის მომსახურების გაწევის უფლება მიენიჭებათ,“ – აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, ჩამოყალიბდება ასევე, მასწავლებლების მომზადებისა და კარიერული წინსვლის სისტემა. იქმნება ფორმალური და არაფორმალური განათლების აღიარების შესაძლებლობა, რაც მისი თქმით, მნიშვნელოვანია.

გარდა ამისა, დღეს პრემიერმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს მედიისთვის ამ თემაზე ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება დაავალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები