LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურატურამ 5 ყოფილი პოლიციელი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მისცა

35

საქართველოს პროკურატურამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 5 ყოფილი თანამშრომელი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა,- ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

საუბარია  მიქიაშვილისა და დვალიშვილის საქმეებზე, რომელზეც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობა და გადამეტებული ძალის გამოყენება დაადგინა. ამასთან, სასამართლომ დაადგინა მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევა, რის საფუძველზეც სახელმწიფომ აიღო ვალდებულება ეფექტიანი გამოძიების ჩატარებაზე.

“მთავარი პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2005 წლის 29 ოქტომბერს ქ.თბილისში, ვ.დოლიძის ქუჩის მიმდებარედ, შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნ.ჯ.-მ და გ.ა.-მ გადამოწმების მიზნით შეაჩერეს დაზარალებული და მისი მეგობრები. შემოწმების პროცესში სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც პატრულ-ინსპექტორებმა გადაამეტეს თავიანთ სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს. ეს უკანასკნელი წააქციეს მიწაზე და ურტყამდნენ ხელებსა და ფეხებს სახისა და ტანის არეში. მათი ქმედებები არ იყო მიმართული დაზარალებულის დაკავებისკენ და აშკარად სცილდებოდა დაკავებისას გამოსაყენებელი პროპორციული ძალის ფარგლებს.

ადგილზე გამოძახებულმა დამხმარე საპატრულო ეკიპაჟმა დაკავებული ორი პირი – გ.მ. და დ.ბ. გადაიყვანეს ქ.თბილისის N2 დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც მათ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელი ა.ც. და ადგილზე მყოფი შს სამინისტროს სხვა თანამშრომლები ასევე გაუსწორდნენ ფიზიკურად. დაკავებისას და დროებითი მოთავსების იზოლატორში ცემის შედეგად, გ.მ.-მ და დ.ბ.-მ მიიღეს ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები.

რაც შეეხება „დვალიშვილის საქმეს“, საქართველოს პროკურატურაში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2006 წლის 27 დეკემბერს, წყალტუბოს შს რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ქ. წყალტუბოში, 9 აპრილის ქუჩაზე ეჭვმიტანილის სახით დაკავებული იქნა რ.დ., რომელიც გადაყვანილი იქნა წყალტუბოს შს სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში. ნაცვლად იმისა, რომ მასთან ჩატარებულიყო კანონით გათვალისწინებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, წყალტუბოს შს სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების უფროსი ბ.ღ. და ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილე მ.მ. მას გაუსწორდნენ ფიზიკურად. კერძოდ, თავის, სახის, ხელებისა და ფეხების არეში სცემდნენ და აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას. აღნიშნულის შედეგად, რ.დ.-მ მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. განხორციელებული ძალადობის გამო, დაზარალებული იძულებული გახდა წლების განმავლობაში ჩაეტარებინა სხვადასხვა სარეაბილიტაციო მკურნალობა ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით.

შს სამინისტროს ყოფილ თანამშრომლებს უკვე წარედგინათ ბრალდება და საგამოძიებო უწყება მიმართავს სასამართლოს მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით.

ზემოხსენებულ საქმეებზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას რვა წლამდე ვადით,”- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

 

პოპულალურები