LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურატურამ ფარცხალაძისთვის მიწების გადაცემის საკითხზე აუდიტის სამსახურისგან მასალები გამოითხოვა

28

პროკურატურამ მერიის მიერ ოთარ ფარცხალაძისთვის მიწების გადაცემის საკითხზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურისგან მასალები გამოითხოვა, განცხადებას უწყება საკუთარ ვებ-გვერდზე ავრცელებს.

მთავარმა პროკურატურმა აუდიტის სამსახურს წერილობით მიმართა, გადაუგზავნონ მასალები, რომელიც შეეხება თბილისის მერიის მიერ, 2016 წლის პერიოდში, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების (მიწის ნაკვეთების) გადაცემის კანონიერებას.

„საქართველოს გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას მიერ მედიასაშუალებებში გაკეთდა არაერთი განცხადება, რომელშიც იგი მიუთითებდა, რომ საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური სწავლობდა 2016 წელს, თბილისის მერიის მიერ მიწის ნაკვეთების გადაცემის საკითხის კანონიერებას და მასში იკვეთებოდა დანაშაულის ნიშნები.

მიუხედავად არაერთი განცხადებისა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ არ მოხდა აღნიშნული მასალების გასაჯაროება და რეაგირების მიზნით სამართალდამცავი ორგანოსთვის გადაგზავნა.

ვინაიდან ,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 241-ე მუხლის თანახმად, დანაშაულის ნიშნების შემცველი აუდიტის მასალების გადაგზავნა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს სამართალდამცავ ორგანოში, რასაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური აჭიანურებს, საქართველოს პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება თავად გამოითხოვოს აღნიშნული  მასალები შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებისთვის,” -ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

წერილი საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს დღეს გაუგზავნა.

პოპულალურები