LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურატურამ უნდა უპასუხოს კითხვებს და შეიქმნას საგამოძიებო კომისია – NGO მუხთარლის საქმეზე

89

თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანელი ჟურნალისტის და აქტივისტის, აფგან მუხთარლის გაუჩინარებასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი განცხადებას ავრცელებს. ხელმომწერი ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ სავარაუდო გატაცების ფაქტზე გამოძიების დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, მაღალი საჯარო ინტერესის მიუხედავად, გამოძიების პროგრესის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგამოძიებო ორგანოებს არ გაუსაჯაროებიათ, არ გაქარწყლებულა ეჭვები ორგანიზებულ დანაშაულში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მონაწილეობაზე.

„დღემდე აფგან მუხთარლისა და მის მეუღლეს, ლეილა მუსტაფაევას არ აქვთ დაზარალებულის სტატუსი სისხლის სამართლის საქმეში; არ მომხდარა ეფექტური გამოძიება ლეილა მუსტაფაევასა და აფგან მუხთარლის მეგობრის, დაშგინ აღალარლის, მიმართ თბილისში სავარაუდო თვალთვალის ფაქტებზე. ლეილა მუსტაფაევამ გამოძიებას სავარაუდო მოთვალთვალეთა ფოტოებიც წარუდგინა, თუმცა, პირთა იდენტიფიცირების ან გატარებული სხვა ღონისძიებების შესახებ დაინტერესებული პირებისათვის უცნობია.

საქართველოში მოქმედი 35 საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციის მოთხოვნის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია არ შექმნილა, რომელიც მუხთარლის სავარაუდო გატაცებისა და საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის ფაქტს შეისწავლის.

აფგან მუხთარლის სავარაუდო გატაცება და მისი წარმოშობის ქვეყანაში გადაყვანა არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს. საქართველო, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მხარეა, ვალდებულია უზრუნველყოს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთა, მათ შორის, აზერბაიჯანის მოქალაქეთა, უსაფრთხოება საქართველოში და არ დაუშვას მათი იძულებითი გადაცემა წარმოშობის ქვეყანაში, სადაც ისინი შესაძლოა პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას, წამებას ან არაადამიანურ მოპყრობას დაექვემდებარონ,“ – ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, მუხთარლის სავარაუდო გატაცების ფაქტს არაერთი გამოხმაურება მოჰყვა საერთაშორისო დონეზე. განცხადებაში მითითებულია, ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციაში, სადაც აღნიშნულია, ევროპარლამენტი გმობს აფგან მუხთარლის თბილისიდან გატაცებას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სწრაფად, გამჭვირვალედ და ეფექტურად გამოიძიოს მუხთარლის ძალადობრივი გაუჩინარება.

არასამთავრობო სექტორი ასევე, მიუთითებს, რომ აფგან მუხთარლის საქმე “Human Rights Watch”-ის 2017 წლის მსოფლიო ანგარიშშიც (გვ. 245) მოხვდა. იმ ნაწილში, სადაც ანგარიში სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე საუბრობს, აფგანის გაუჩინარების და შემდგომ ბაქოში დაკავების ფაქტია მოყვანილი.

აქვე მოყვანილია „ფრიდომ ჰაუსის“ მიერ დემოკრატიის შესახებ გავრცელებულ 2018 წლის ანგარიში, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების სიაში რჩება, ხოლო დასკვნის ძირითად მიგნებებში ერთ-ერთი პირველი მოხვდა აფგან მუხთარლის თბილისიდან გაუჩინარების ფაქტი.

აფგან მუხთარლის სავარაუდო გატაცებიდან ერთი წლის თავზე ხელმომწერი ორგანიზაციები მოითხოვენ პროკურატურამ პასუხი გასცეს ყველა გაჩენილ კითხვას და დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას.

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები: თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი (HRHT), ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC), საფარი, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, მედიის ინსტიტუტი, საქართველოს წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT).