LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურატურის მაღალჩინოსნებთან კითხვები გვექნება იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომელსაც შეეძლო სერიოზული შედეგი ჰქონოდა და არ გადაიდგა – სერგი კაპანაძე

67

პროკურატურის მაღალჩინოსნებთან კითხვები გვექნება იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომელსაც შეეძლო სერიოზული შედეგი ჰქონოდა და არ გადაიდგა, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის საქმეზე შექმნილი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ კომისიის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

„ჩვენ დღეს გვაქვს შეხვედრა თბილისის პროკურატურის მაღალჩინოსნებთან, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ თბილისის პროკურატურას მაშინ, როდესაც მიმდინარეობდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიება. ჩვენ მათთან გვექნება კითხვები უშუალოდ გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, კონკრეტულად იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომელიც არ გადაიდგა მაშინ, რასაც შეეძლო სერიოზული შედეგი ჰქონოდა და გავლენა მოეხდინა გამოძიების მიმდინარეობაზე, ასევე, სათანადოდ თუ არასათანადოდ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე და პროკურატურის როლზე ამ ყველაფერში,“ – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისია ამ წუთებში მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსს გიორგი გაბოძეს და სასაზღვრო პოლიციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსს მიხეილ შაყულაშვილს უსმენს.