LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროტესტის ხმები, იდეების კრიზისი და ერთპარტიული მმართველობის რისკები – არჩევნების შედეგების ანალიზი

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა აჩვენა, რომ ბოლო 2 წელში მმართველი პარტიის მხარდაჭერა გაზრდილია. 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე “ქართულმა ოცნებას” 50.82 %-იანი რეიტინგი ჰქონდა. 2017 წელს კი მმართველმა გუნდმა 55.81%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა. თუ 2014 წელს დედაქალაქში მმართველი პარტიის კანდიდატს, დავით ნარმანიას, მერობისთვის ბრძოლა მეორე ტურშიც მოუწია, 2017 წელს “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი, კახა კალაძე, პირველივე ტურში გამარჯვების უალტერნატივო კანდიდატი გახდა.

2014 წელს 8 ქალაქსა და 13 მუნიციპალიტეტში არჩევნების მე-2 ტურის ჩატარება გახდა საჭირო, 2017 წელს კი მეორე ტური მხოლოდ 6 თვითმმართველ თემში ჩატარდება.

2017 წლის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე, საქართველოს მასშტაბით, ხმების რაოდენობა 5-6 ძირითად პარტიას შორის გადანაწილდა. თუ მათ რეიტინგს 2014 წლის რეიტინგებს შევადარებთ, შემცირებულია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერა, 2014 წელს პარტიამ 22.42%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა, 2017 წელს კი ამომრჩველთა ხმების 17.04% მიიღო.  რამდენიმე თვის წინ დაარსებულ „ევროპულ საქართველოს“ კი მოქალაქეთა 10%-მა ნდობა გამოუცხადა. რაც შეეხება ნინო ბურჯანაძის პრორუსულ პარტიას, მას მხარდაჭერა მკვეთრად შეუმცირდა, თუმცა, გაზრდილია „პატრიოტთა ალიანსისადმი“ ამომრჩეველთა ნდობა.  

მმართველი პარტიის მხარდაჭერის გაზრდისა და ოპოზიციური სპექტრის რეიტინგის შემცირების შესაძლო მიზეზები 

როცა მმართველი პარტიის რეიტინგის ზრდაზე ვსაუბრობთ, პარალელურად გასათვალისწინებელია ოპოზიური სპექტრის მხარდაჭერის შემცირებაც.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ამის მიზეზებზე საუბრისას, 2016 წლის არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს იხსენებს. ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის შესუსტებაზე მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” გაყოფამ არ იმოქმედა.

“ოპოზიციური სპექტრი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიშალა, არა მარტო “ნაციონალური მოძრაობა”, “რესპუბლიკელები”, “თავისუფალი დამოკრატები”, ფრაგმენტაცია მოხდა. ეს მუშაობს იმაზე, რომ ზოგადად ოპოზიციური სპექტრის რეიტინგი დაეცა. მათ არ ჰქონდათ მხარდაჭერა, მაგრამ რაც ჰქონდათ, ისიც დაკარგეს. ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის დანაწევრება მოხდა, ახალი კი ვერ ჩამოყალიბდა,” – ამბობს ძაბირაძე.

არჩევნების შედეგებზე საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე მეორე ტურების უფრო მეტ რაოდენობას იმით ხსნის, რომ იმ დროისათვის ბიუროკრატია მხოლოდ “ქართული ოცნების” ხელში არ იყო. 

“ადგილობრივი ხელისუფლება ძირითადად მაინც კონტროლდებოდა “ნაციონალების” მიერ. სახელისუფლებო ბიუროკრატია მხოლოდ “ქართული ოცნების” არ იყო, ამან იმუშავა მაშინ. ახლა როცა ენმ და სხვა პოლიტიკური სპექტრი გაიყო, ვერ ჩამოყალიბდა ოპოზიცია, ამომრჩეველი არ წავიდა,” – აცხადებს ძაბირაძე.

ოპოზიციურ სპექტრში ახალი იდეების კრიზისის პრობლემაზე მიუთითებს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია.  

ის მიიჩნევს, რომ  საზოგადოებამ ვერ ნახა ძლიერი ახალი ნარატივი, ახალი ლიდერები ახალი შეთავაზებებით, რომელიც განსხვავდება “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” დაპირებებისგან, ამიტომ ვერც ყურადღების მიქცევა შეძლეს. რაც შეეხება პრორუსულ ოპოზიციას, კაკაჩია ამბობს, რომ ერთი პარტიის მხარდამჭერა მეორის შემცირების ფონზე იზრდება.

“საქართველოში მუდმივად არსებობს საზოგადოების ნაწილი, რომელსაც აქვს პრორუსული განწყობები და ახლა, უბრალოდ, ბრძოლა არის ორ პოლიტიკურ ძალას შორის, რომელი დაისაკუთრებს ამომრჩევლის ამ სეგმენტს. მათი რეიტინგი გარკვეული შეშფოთების საფუძველს იძლევა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, მათ არასდროს აქვთ იმხელა მხარდაჭერა, რომ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში დღის წესრიგის შეცვლა შეძლონ,” – აცხადებს კაკაჩია.

 

ერთპარტიული მმართველობა და პროცესების ქუჩაში გადატანის რისკი

პოლიტოლოგები ერთპარტიულ მმართველობაზე საუბრისას უკანასკნელი 15-20 წლის ისტორიას იხსნებენ და პროცესების ქუჩაში გადატანის რისკს ხედავენ.

ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ ერთპარტიულ მმართველობას შესაძლოა, დადებითი შედეგიც ჰქონდეს, თუმცა პოლიტოლოგს უჭირს იმაზე საუბარი, ამ მხრივ რას მოიმოქმედებს ხელისუფლება და ყურადღებას უარყოფით შედეგებზე ამახვილებს, რადგან, როგორც წესი, ასეთი მმართველობა ხშირად ავტოკრატიისკენ მიდის და უარყოფითი შედეგით სრულდება, როგორც ქვეყნისთვის, ასევე მმართველი პარტიისთვის. ის  ხელისუფლებას უახლოეს წარსულსაც ახსენებს, როცა სწორად ამ მიზეზით მოუხდა “ნაციონალურ მოძრაობას” ხელისუფლებისა და ძალაუფლების დათმობა.

“ერთპარტიული მმართველობა ხშირად მმართველ ძალას უბიძგებს ძალისმიერი და რეპრესიული მეთოდების გამოყენებისკენ. მთლიანად საზოგადოებრივი სივრცის, ეკონომიკის, ბიზნესის, სოციალური სფეროს მონოპოლიზაცია იწყება, ეს ერთობლიობაში ქმნის საპროტესტო მუხტს, რომელიც ასახვას არჩევნებში ვერ ჰპოვებს და პოლიტიკური პროცესი ქუჩაში გადადის. ეს ხიფათი აქვს “ქართულ ოცნებას”. თუ ამას ვერ გაიაზრებენ, ისევ ქუჩამდე მივალთ, იმის მიუხედავად, თუ რა რეიტინგი აქვს დღეს. 2012 წელს სწორად ამიტომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” წააგო არჩევნები და დაკარგა ძალაუფლება, ეს ისე, რომ “ქართულმა ოცნებამ” ახლო წარსულის ისტორიას მაინც გადახედოს,” -ამბობს ძაბირაძე.

ერთპარტიულობის რისკებთან დაკავშირებით დაახლოებით იმავეს ფიქრობს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩიაც და აღნიშნავს, რომ საქართველოში სახელისუფლებო ვერტიკალის მონოპოლიზებას ყოველთვის მოჰყვება ხოლმე უკმაყოფილებაც. ქუჩაში პროცესების გადატანის რისკზე საუბრისას, ექსპერტი ამბობს, რომ ერთია მხარდაჭერა, მაგრამ მეორეა, რომ საქართველოს პოლიტიკურ რეალობას სწრაფი ცვლილება ახასიათებს. 

“თუ გადავხედავთ 25-წლიან ინსტორიას, ხელისუფლებას ხალხი 2 ვადით ირჩევს, ეს არის ოცნების მეორე ვადა. შეიძლება, ეს არარეალურად ჟღერდეს დღეს, რადგან არ ჩანს ოპოზიციური შემცვლელი ძალა, მაგრამ საქართველოში იმდენად სწრაფად ვითარდება მოვლენები, რომ არაა გამორიცხული, ბოლო 1-2 წლის განმავლობაში სიტუაცია კარდინალურად შეიცვალოს. მით უმეტეს, თუ ამას სოციალური, ეკონომიკური ან სხვა ტიპის კრიზისი დაემატება, აბსოლუტურად შესაძლებელია სხვა კონფიგურაციის მიღება,” – აცხადებს კაკაჩია.

მისივე თქმით, ავტორიტარიზმის ნიშნები დღეს იმდენად არ შეინიშნება, რამდენადაც არაფორმალური მმართველობის, როცა რეალურად ხელისუფლების ძირითადი ცენტრი ლეგიტიმური სტრუქტურების გარეთაა.

“ამ შემთხვევაში საუბარია ბიძინა ივანიშვილზე, რომელიც არაფორმალური ლიდერია, აკონტროლებს ხელისუფლების ვერტიკალს, თუმცა მისი მხარდაჭერა განაპირობებს “ქართული ოცნების” დიდ მხარდაჭერასაც მოსახლეობაში. მით უმეტეს, ეს არ არის პოლიტიკურად მგდრადი, იდეოლოგიაზე დაფუძნებული ერთობა. არაფორმალური მმართველობა სერიოზულ პრობლემას უქმნის დემოკრატიული ისნტიტუტების განვითარებას, აფერხებს ამ პროცესს. იგივე შეიძლება, ითქვას მიხეილ სააკაშვილზეც, რომელიც ასევე არაფორმალური ლიდერია საკუთარი პოლიტიკური პარტიის და, თუ წინა საპარლამენტო არჩევნებს გადავხედავთ, ამ ორმა არაფორმალურმა ლიდერმა განსაზღვრა კიდეც იმ არჩევნების ბედი,” – აცხადებს კაკაჩია.

 

პროტესტის ხმა და პასიური ამომრჩევლის შესაძლო ინტერესები

არჩევნების შედეგებზე საუბრისას, არ უნდა დაგვავიწყდეს, პასიური ამომრჩეველი.  2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მოსახლეობის დაახლოებით 64%-მა მონაწილეობა არ მიიღო.  როგორც ექსპეერტები ამბობენ, საგულიხსმოა ის ფაქტიც, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პროტესტის ხმებიც დაფიქსირდა.  

“აქ კიდევ ერთი რამ არის მნიშვნელოვანი, ალეკო ელისაშვილმა თბილისში მიიღო იმდენივე პროცენტი, რაც “ნაციონალურმა მოძრაობამ”. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აქტიური ამომრჩეველი ეძებდა მესამე, ახალ ძალას, პარტიებზე გულგატეხილმა მოძებნა ნეიტრალური ფიგურა – ალეკო ელისაშვილი და მას დაუჭირა მხარი. მასთან წავიდა არა იმათი ხმები, ვისაც იმედი ჰქონდათ, რომ ალეკო მოიგებდა, წავიდა საპროტესტო ხმები, პოლიტიკური პარტიების მიმართ პროტესტი აისახა ალეკო ელისაშვილის ხმებში.

მხარდაჭერა, რომელიც ელისაშვილმა მიიღო, საკმაოდ დიდია და მოულოდნელი, როცა უპარტიო კანდიდატი, რომელსაც ორგანიზაციული სტრუქტურა მხარს არ უჭერს, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია ანალიზისთვის, თუ გვინდა, გავიგოთ, რა ტენდენციაა მოსახლეობაში,” – აღნიშნავს ვახტანგ ძაბირაძე და დასძენს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ახალ ძალას ეძებს.

ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ასეთი ამომრჩევლების რაოდენობა კიდევ უფრო მეტად გაზირდება და “ქართულ ოცნებას” რომ დღეისათვის დიდი რეიტინგი აქვს, ეს ამ კუთხით არაფერს ცვლის, რადგან მოვლენები შესაძლოა, სწრაფად შეტრიალდეს.

კორჩნელი კაკაჩია კი მიიჩნევს, რომ აქცენტი იმდენად არის არა მესამე ძალაზე, რამდენადაც ახალ სახეებზე და ახალ იდეებზე. ძაბირაძის მსგავსად, კაკაჩიაც აცხადებს, რომ ელისაშვილის რეიტინგში პროსტესტის ხმები აისახა.

” ელისაშვილი უფრო იყო პროტესტის ხმა, ვიდრე ალტერნატივა, ის მოიაზრებოდა, როგორც ერთი პიროვნება, ამიტომ უფრო სიმპათიები გადაიხარა მისკენ, მაგრამ შეიძლება, სიტუაცია სხვანაირად შეიცვალოს თუ ელისაშვილი გადაწყვეტს, რომ პოლიტიკური პარტია შექმნას და საპარლამენტო არჩევნებისთვის დაიწყოს მზადება.

“ამომრჩეველი ეძებს ახალ იდეებს, რომელიც ახლოს იქნება ხალხის პრობლემებთან, რომელიც საზოგადოებას აწუხებს, მათ შორის სოციალური, ეკონომიკური და სხვა პრობლემები,” – აცხადებს კაკაჩია.  

პოლიტოლოგის განცხადებით,  საზოგადოებრივი აზრის კვლევებიც ადასტურებს, რომ პარტიები ვერ ახერხებენ ამ საზოგადოებრივი ინტერესების წარმოჩენას სათანადოდ და ვერ ახერხებენ, დაარწმუნონ ამომრჩეველი, რომ ისინი მათ ინტერესებს გამოხატავენ.  კაკაჩია მიუთითებს, რომ ხშირად პარტიები ამომრჩეველს მსგავს პროგრამებს სთავაზობენ და რაიმე განსხვავებით, თუ რამდენიმე გამონაკლისს არ ჩავთვლით, არც 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გამოირჩეოდა.

“მაგალითად, გიორგი ვაშაძის შემთხვევაში ყველა მიხვდა, რომ ამ ჯგუფს ჰქონდა კონცეპტუალური მონახაზი, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ წარმოადგენს იმ ჯგუფს, რომელიც მოიაზრება, როგორც “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი, არ არის გასაკვირი, რომ ვერ აჩვენა ისეთი შედეგი, როგორსაც შესაძლოა, მოელოდნენ. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, პროგრამები ერთმანეთს ჰგავს და ერთადერთი ეს იყო ალეკო ელისაშვილი, რომელმაც თავისი თავი გამოაჩინა, როგორც ქალაქის პრობლემების კარგად მცდონემ. წამოსწია რეალური საკითხები, არა ზოგადი, ყალბი და პათეტიკით გამსჭვალული პლატფორმები, როგორც ხშირად ხდება, არამედ კონკრეტული პრობლემები, რომელიც ხალხს აწუხებს, ამან გამოიწვია მის მიმართ სიმპათიების გაჩენა მოსახლეობაში. თუმცა, დღეს ვინც მას მისცა ხმა, არ ნიშნავს, რომ მომავალშიც მისცემს, რადგან შესაძლოა, კონფიგურაცია შეიცვალოს.

“ამომრჩეველმა ელისაშვილისთვის ხმის მიცემით პროტესტი გამოხატა “ოცნების” და “ენმ”-ის მიმართ, მას სურდა, მესამე ტიპის კანდიდატი, რომლის პოსტულატებიც მისთვის გასაგები იყო და ამით სიგნალსაც უგზავნის დანარჩენ პარტიებს, რა საკითხებს უნდა მიაქციოს ყურადღება,” – ამბობს კორნელი კაკაჩია.

საქართველოში ამომრჩეველს წინ კიდევ ორი მნიშვნელოვანი არჩევნები ელოდება. ახლა უკვე პარტიებზეა დამოკიდებული, რამდენად შეძლებენ მიღებული შედეგის გააზრებას და იმ საკითხების წამოწევას, რომელიც პასიურ ამომრჩეველს საარჩევნო ყუთთან მიიყვანს.

 

 

თაკო ივანიაძე 

პოპულალურები