LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროვოკაციის მსხვერპლი აღმოვჩნდი, ჩემს უდანაშაულობას დავამტკიცებ – ზუგდიდის ყოფილი მერი

75

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი ლაშა გოგია თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და ამბობს, რომ გავრცელებული ჩანაწერები მიზანმიმართული პროვოკაციაა. ამის შესახებ ლაშა გოგიამ „ქართული ოცნების” ზუგდიდის შტაბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ვარ უდანაშაულო და გავრცელებული ჩანაწერი არის მიზანმიმართული პროვოკაცია ჩემს წინააღმდეგ. ჩემთვის თანამდებობაზე ყოფნა თვითმიზანი არასდროს ყოფილა. ჩემი მიზანი იმ სიმართლის დამტკიცებაა, რაც მაქვს და მჯერა, ჩვენს ქვეყანაში არსებული ობიექტური გამოძიების პირობებში ეს უახლოეს პერიოდში დამტკიცდება. ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე სხვა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ.

მე გადავდექი მერის პოსტიდან, რათა არავის ჰქონდეს კითხვა, ჩემი თანამდებობაზე ყოფნით, საქმის გამოძიებაზე, რაიმე სახის ზეგავლენის მოხდენასთან დაკავშირებით. ამ გადაწყვეტილების მიღება და ამომრჩევლის დიდი ნდობის ვადაზე ადრე შეწყვეტა ჩემთვის ადვილი არ იყო, თუმცა საჭირო იყო ჩემი პრინციპებისა და სიმართლის დამტკიცებისთვის.

როგორც იცით, ამ პროვოკაციის გაჟღერების დროს ჩეხეთში, სამსახურებრივ მივლინებაში, ვიმყოფებოდი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კი დღეს, ორშაბათს ვიყავი დაბარებული, თუმცა ჩამოსვლისთანავე ჩემივე მოთხოვნით მივედი სუს-ში. ამ საქმესთან რაიმე სახის, მცირე კავშირიც რომ მქონდეს და თავს დამნაშავედ ვთვლიდე, შემეძლო დავრჩენილიყავი უცხოეთში, თუმცა, პირიქით, ჩემივე ინტერესებიდან გამომდინარე, მზად ვარ, საგამოძიებო ინსტიტუტებთან აქტიურად ვითანამშრომლო.

ვრჩები გუნდში, „ქართული ოცნების“ დაარსების დღიდან ვიყავი და ვიქნები მისი პრინციპებისა და იდეების ერთგული მებრძოლი. აქვე ვაცხადებ, ვრჩები პარტიის ზუგდიდის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ და პარტიული სტრუქტურის გასაძლიერებლად მეტი დრო მექნება.

მინდა მადლობა გადავუხადო ზუგდიდელებს – ჩემს ამომრჩევლებს, რომლებმაც მომცეს მანდატი, ვყოფილიყავი ჩემთვის საუკეთესო ქალაქის მერი. მადლობა ჩემს თანამშრომლებს ერთად განხორციელებული ამბიციური პროექტებისთვის, მადლობა სამოქალაქო სექტორს, მედიას ჩართულობისა და თანამშრომლობისთვის.

მე აღმოვჩნდი პროვოკაციის მსხვერპლი და მე დავამტკიცებ ჩემს უდანაშაულობას”,- აღნიშნა ლაშა გოგიამ.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება 338-ე მუხლით დაიწყო, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს. “რუსთავი 2”-მა ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც, ტელეკომპანიის მტკიცებით, ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია ბიზნესმენ კვირკვიასთან სავარაუდო კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს. ფარული ჩანაწერის მიხედვით, ბიზნესმენი მერისგან მისთვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები