LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე პასუხისმგებელია – დონალდ ტრამპი

46

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, როგორც რუსეთის ლიდერი, პირადად პასუხისმგებელია 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ტელეარხ CBS-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა ის, რომ პუტინი პირადად პასუხისმგებელია არჩევნებში ჩარევაზე, დონალდ ტრამპმა ასე უპასუხა: „დიახ, ვინაიდან ის პასუხისმგებელია თავის ქვეყანაზე, ისევე როგორც მივიჩნევ, რომ პასუხისმგებელი ვარ იმაზე, რაც აშშ-ში ხდება. ასე, რომ ის, როგორც ქვეყნის ლიდერი, პასუხისმგებელია ამაზე,“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ჰელსინკში პუტინთან პირისპირი შეხვედრისას განუცხადა, რომ „აშშ არ დაუშვებს არჩევნებში ჩარევას“.

„არ მსურს ჩაძიება, ამბობს თუ არა ვლადიმერ პუტინი აღნიშნულ საკითხზე სიმართლეს. მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ვენდობი ჩვენი დაზვერვის მონაცემებს,“ – დასძინა მან.