LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინი თავს იმართლებს: არავის საქმეში არ ვერევით ჩვენ და …

68

“არავის საქმეში არ ვერევით ჩვენ და ნურც ნურავინ ჩაერევა ჩვენ საქმეში”, – ამ შინაარსის განცხადება ამჯერად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ეკუთვნის.

ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთი სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკურ საქმეებში არ ერევა და ასეთივე მოლოდინი აქვს ამ ქვეყნებისგან… თუმცა პუტინის თქმით, წლების განმავლობაში საპირისპირო ხდება: “მუდმივად ცდილობენ რუსეთის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევასა და გავლენის მოხდენას”.

პუტინის თქმით, ასეთი ჩარევის მცდელობები სხვადასხვა ორგანიზაციების ან პირდაპირ ქვეყნების მეშვეობით ხორციელდება.

“ასეთი მცდელობები მავნებლობაა და არანაირ შედეგს არ გამოიღებს. ჩვენ სხვა ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა თავში აზრადაც კი არ მოგვსვლია”, – განაცხადა პუტინმა სოჭში, პრესკონფერენციაზე, რომელიც გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკელთან ერთად გამართა, მასთან შეხვედრის შემდეგ.

 

გერმანიისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრის ცენტრალური თემა უკრაინაში მიმდინარე მოვლენები იყო.

როგორც რუსული გამოცემები წერენ, მოლაპარაკების დროს არც პუტინსა და არც მერკელს მთავარი პოზიციები არ შეუცვლიათ.

შეხვედრაზე პუტინმა განაცხადა, რომ ოდესაში უდანაშაულო ადამიანებს ცეცხლად წვავდნენ და ამის დავიწყების უფლება საერთაშორისო თანამეგობრობას არ აქვს. მანვე აღნიშნა, რომ ამის გამო არავინ დასჯილა. პუტინის ამ შენიშვნას გერმანიის კანცლერისგან რეაქცია არ მოჰყოლია. მან უბრალოდ აღნიშნა, რომ ზავი აუცილებელია.

რუსეთის პრეზიდეტმაც განაცხადა, რომ კონფლიქტურ რეგიონებსა და კიევს შორის პირდაპირი მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს. მისი თქმით, ამის გარეშე უკრაინის კრიზისი ვერ გადაწყდება.

მერკელმა შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ რუსეთი გერმანიის მთავარი ეკონომიკური პარტნიორია, “მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული სირთულეები და ცვლილებებია გლობალურ ეკონომიკაში”.

“რუსეთი ცდილობს გერმანიასთან ურთიერთობა ურთიერთსარგებლიანობისა და პატივისცემის საფუძველზე ააშენოს”, – განაცხადა პუტინმა საპასუხოდ.

 

 

შეხვედრის შეფასებები – “ეს იყო რიგითი სამუშაო შეხვედრა”

ექსპერტები ამბობენ, რომ ეს რიგითი შეხვედრა იყო, რომელიც შესაძლოა, მერკელის იმიჯისთვის ძალიან სასარგებლოც იყოს.

“მიუხედავად მსოფლიო მოლოდინისა, არაფერი სენსაციური და მნიშვნელოვანი არ მომხდარა. ორივე ლიდერი ცდილობდნენ ურთიერთობის ნორმალიზებისთვის პირველი ნაბიჯების გადადგმას ეს იყო. ეს იყო რიგითი სამუშაო პროცესი, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანია მერკელისთვის, რომელიც სექტემბერში საპარლამენტო არჩევნებს მართავს. წინასაარჩევნო კამპანიის დროს მერკელს შეუძლია წარსდგეს როგორც “მსოფლიოში პირველი კლასის დიპლომატი”, რომელსაც შეუძლია მსოფლიოს ყველა ლიდერთან საუბარი“, – განაცხადა გერმანულ რუსული ფორუმის სამეცნიერო ხელმძღვანელმა.

ექსპერტები შემდეგ ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრას ორ თვეში გერმანიაში, ჰამბურგში ელოდებიან, სადაც სამიტზე ჩასვლას გეგმავენ, როგორც მერკელი და პუტინი ასევე, ამერიკის პრეზდენტი დონალდ ტრამპი, საფრანგეთის პრეზიდენტი და ჩინეთის ლიდერი. ექსპერტები ამბობენ, რომ ორ თვეში მსოფლიო და ევროპული პოლიტიკის ახალი ფურცელი გადაიშლება.

 

იხილეთ ასევე ჩვენი სტატია: პუტინი და ტრამპი შეთანხმდნენ? – ლიდერები შესაძლოა ერთმანეთს ზაფხულში შეხვდნენ