LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალაქი ფეხით მოსიარულეებზე ორიენტირებული უნდა გახდეს: მერი უნდა იყოს დამოუკიდებელი

46

 თვითმმართველობის არჩევნებამდე დედაქალაქსა და რეგიონებში 5 თვეზე ნაკლები რჩება.

ვინ იბრძოლებს დედაქალაქის მერობისთვის?

ამ კითხვით ”ფორტუნამ” დღეს ”რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარეს ხათუნა სამნიძეს მიმართა.

 

ქალბატონო ხათუნა, პირველ რიგში გკითხავთ, ვინ იქნება ”რესპუბლიკური პარტიის” თბილისის მერობის კანდიდატი?  შეიძლება ეს თქვენც იყოთ?

რა თქმა უნდა, პარტიის თავმჯდომარე ვარ, თუმცა  ამ ეტაპზე ჩვენ მოლაპარაკებები გვაქვს ”თავისუფალ დემოკრატებთან” და ვფიქრობთ, მათთან ერთად ბლოკის ფორმირებას. ამ ეტაპზე კანდიდატებს არ განვიხილავთ, ამას სჭირდება ჯერ ბლოკის შექმნაზე დადებით გადაწყვეტილებამდე მისვლა და ამის შემდეგ დავიწყებთ საუბარს. აუცილებლად გვეყოლება მერობის კანდიდატი და დავასახელებთ სიის პირველ ნომერსაც, მაგრამ ესეც მოლაპარაკების თემაა.

რა პრინციპით აირჩევთ თბილისის მერობის კანდიდატს?

თბილისის მერობის კანდიდატს უნდა ჰქონდეს, რა თქმა უნდა,   ქალაქის მართვის კომპეტენცია, უნდა ჰქონდეს  ისეთი პოლიტიკური წარსული, რომ ამომრჩეველმა სწორი არჩევანი გააკეთოს და იცოდეს რა ელის. უნდა იყოს პროფესიონალი, გულწრფელი და მისი მთავარი სურვილი უნდა იყოს, რომ ქალაქი მორგებული იყოს მოქალაქეებზე.

რა სჭირდება დღეს თბილისს?

თბილისში არის უამრავი პრობლემა და გამოწვევა, რომელსაც  დღევანდელი მერია ვერ პასუხობს. ქალაქშია სატრანსპორტო კოლაფსი, დაბინძურებულია ჰაერი და არის ეკოლოგიურად მძიმე ვითარება. გარდა ამისა, ქაოტური მშენებლობები არის პრობლემა  და შესამუშავებელია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებით სპეციალური პოლიტიკა. რაც შეიძლება მეტი საჯარო სივრცე უნდა მოეწყოს და ქალაქი გახდეს ფეხით მოსიარულეებზე ორიენტირებული  .

გარდა ამისა, დედაქალაქის მერის მთავარი მესიჯები კიდევ რა იქნება?

როგორც უკვე გითხარით, მოლაპარაკებების პროცესში ვართ, თუ შევთანხმდით და იქნება ბლოკი, ბუნებრივია, ეს იქნება ორივე პარტიის ერთიანი ხედვა.

როგორ ფიქრობთ, ვინ სურს თბილისს მერად?

ჩემი აზრით, რაც მე ჩამოვთავლე ასეთი კანდიდატი სურს მერად.

სამი ძირითადი მიზეზი, რის გამოც მოქალაქეებმა სწორედ თქვენს კანდიდატს უნდა დაუჭირონ მხარი?

მერი პირველ რიგში ანგარიშვალდებული უნდა იყოს მოქალაქეებთან. ის უნდა იყოს პროფესიონალი და დამოუკიდებელი საკუთარ გადაწყვეტილებებში.

ვინ მიგაჩნიათ მთავარ კონკურენტად?

არჩევნებზე ყველა ერთმანეთის კონკურენტია. დარწმუნებული ვარ, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ”ქართული ოცნება” და ”ნაციონალური მოძრაობა” სიტუაციის პოლარიზებას ვეღარ შეძლებენ.

როდის გახდება ცნობილი საბოლოო გადაწყვეტილება, გაერთიანდება თუ არა ”რესპუბლიკური პარტია” ბლოკში?

ძალიან მალე. შესაძლებელია ამ თვის ბოლოსაც და კანდიდატებსაც ამის შემდეგ დავასახელებთ.

 

 

ქეთი გიგოლაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები