LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალაქი ტფილისი, 1918 წელი, 26 მაისი, კვირა – დამოუკიდებელი საქართველო 100 წლისაა

დღეს შაბათია, 2018 წლის 26 მაისი, დამოუკიდებელი საქართველო იუბილარია, ქვეყანა ისტორიულ დღეს 100 წლის შემდეგ აღნიშნავს. გვაქვს ეროვნული დროშა, საკუთარი გერბი, კონსტიტუცია და ქვეყანას ყავს შეიარაღებული ძალები, რომელიც დღეს კიდევ ერთხელ დადებს ფიცს ერისა და ღვთის წინაშე. ერთი საუკუნის წინ, 1918 წლის 26 მაისი კვირა დღე იყო, დღე, რომელიც ყველა ქართველისთვის ერთნაირად საამაყო და საპასუხისმგებლოა.

კვირა, 26 მაისი, 1918 წელი, ქალაქი ტფილისი.

დილა დაიწყო ჩვეულებისამებრ, არაჩვეულებრივის მოლოდინით. თბილისი ზაფხულისთვის ემზადებოდა, ეროვნული საბჭო კი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისთვის.

1918 წელს 26 მაისს, დილით დაიშალა ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკა და ამიერკავკასიის სეიმი.

იმ დღეს გაზეთები წერდნენ, რომ დღის პირველ საათზე ქართულ კლუბში წარმოდგენა „და- ძმა“ გაიმართა. გაყიდული ბილეთებიდან მიღებული შემოსავლის 30 პროცენტი კი, საქართველოს “ეროვნულ დემოკრატიულ” პარტიას გადასცეს. გარდა ამისა, სარეკლამო განცხადება ზაფხულის ცხელი დღეების წაღვერში გატარებას სთავაზობდა მკითხველს.

თბილისმა ცხოვრება განაგრძო…

დღის 4 საათსა და 50 წუთზე დაიწყო საქართველოს ეროვნული საბჭოს კრება, რომელსაც ნოე ჟორდანია თავმჯდომარეობდა.

ფოტო გადაღებულია 1919 წლის 26 მაისს

„დღეს ამ დარბაზში მოკვდა ერთი სახელმწიფო და ამავე დარბაზში, ეყრება საფუძველი მეორე  სახელმწიფოს“ – დაიწყო ჟორდანიამ.

კრებას 42 წევრი და 36 კანდიდატი ესწრებოდა. სავსე იყო დარბაზიც და მიმდებარე ეზოც. ხალხი გადაწყვეტილებას ელოდა.

ნოე ჟორდანია კი, დამსწრე საზოგადოებას მიმართავდა და დამოუკიდებლობის აქტის სხვა პუნქტებთან ერთად, ხაზს უსვამდა შემდეგს:

  • ჩვენ მივაქცევთ განსაკუთრებულ ყურადღებას იმ ერის დიდ ტრაგედიას, რომლის ერთი ნაწილი ჩვენს ტერიტორიაზეც ცხოვრობს, ხოლო მეორე ნაწილი ჩვენს გარეშე – ეს არის სომხობა – საზოგადოება ამას ტაშით შეხვდა
  • გვსურს ვიყოთ კეთილგანწყობაში ამეიერკავკასიის მოსახლეობის დიდ უმრავლესობასთან მუსულმანებთან – ჩვენ გვინდა, რომ მათ მოგვბაძონ, დაიარსონ ასეთივე სახელმწიფო და შეერთების ხელი გამოგვიწოდონ – აქ კი დარბაზის მხურვალე ტაში იყო.
  • ვაცხადებთ, რომ ეროვნული უმცირესობანი იქნებიან ისევე უფლებამოსილნი, როგორც იქნება ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული უმრავლესობა – ქართველობა.

და სხვა მრავალი ფუნქტი, რომელიც ღირებულებებითა და ადამიანის უფლებების ტირაჟირებით იყო გაჯერებული.

აქტის დარბაზში წაკითხვის შემდეგ, თავმჯდომარის წინადადებით, ეროვნული საბჭოს მდივანი სასახლის აივანზე გავიდა და თავმოყრილ ხალხს დამოუკიდებლობის აქტი წაუკითხა. შემდეგ წაიკითხეს აქტი რუსულ ენაზე.

ეს იყო საღამოს ბოლო ოფიციალური ნაწილი, ამის შემდეგ კი ეროვნულმა საბჭომ დამოუკიდებლობის აქტს ხელი მოაწერა, ასეთი კი, 1918 წელს 89 ადამიანი აღმოჩნდა.

სწორედ ამ 89 ადამიანმა დაადასტურა 26 მაისს, რომ საქართველომ აღიდგინა დამოუკიდებლობა 117 წლიანი ლოდინის შემდეგ.

კრებამ პირველსავე სხდომაზე გამოაცხადა მთავრობის დროებითი შემადგენლობა.

  • მთავრობის თავმჯდომარე და შინაგან საქმეთა მინისტრი – ნოე რამიშვილი
  • საგარეო საქმეთა მინისტრი – აკაკი ჩხენკელი
  • სამხედრო მინისტრი – გრიგოლ გიორგაძე
  • ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი – გიორგი ჟურული
  • განათლების მინისტრი – გიორგი ლასხიშვილი
  • მიწათმოქმედების და შრომის მინისტრი – ნოე ხომერიკი
  • იუსტიციის მინისტრი – შალვა მესხიშვილი
  • გზათა მინისტრი – ივანე ლორთქიფანიძე

ჩამოთვლილი მინისტრებიდან, სხდომას მხოლოდ ერთი, აკაკი ჩხენკელი არ ესწრებოდა.

სწორედ ამ დღეს გადაწყდა, რომ დროებით შენარჩუნებულიყო ძველი კანონები და ფულის არსებული სისტემა ახლის შემოღებამდე.

17:10 საათი – დრო, როცა 100 წლის წინ ზუსტად 26 მაისს გადადგა საქართველომ მტკიცე ნაბიჯი და დამოუკიდებლობის აქტით ქვეყანა დამოუკიდებლად გამოაცხადა. დამოუკიდებლობის აქტი იურისტმა გვაზავამ შეადგინა და წინასწარ გააცნო ჟორდანიას. მასში, გარდა ნაციონალური დებულებებისა, იყო შეტანილი სოციალური საკითხებიც: რვა საათიანი სამუშაო დღე, მამულების კონფისკაცია და სხვა. ჟორდანიამ ამოიღო სოციალური დებულებები, როგორც შესაძლო გამთიშველი ელემენტები და დატოვა მხოლოდ ნაციონალურ-პოლიტიკური საკითხები.

კრება ჯამში დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა და საღამოს 5 საათსა და 55 წუთზე დასრულდა.

ტაშითა და სიხარულით დაწყებული საქართველოს დამოუკიდებლობა მხოლოდ 3 წელს გაგრძელდა. 3 წლიანი დამოუკიდებელი ცხოვრება და პირველი ნაბიჯები რუსეთის იმპერიის გარეშე, 1921 წლის 25 თებერვალს დასრულდა, ქვეყანა კვლავ მის მარწუხებში აღმოჩნდა. თუმცა მიზანი – საქართველო კვლავ დამოუკიდებელი ქვეყანა გამხდარიყო, არასდროს გახუნებულა. ქვეყანამ 71 წლის შემდეგ შეძლო ეთქვა სიტყვები – “მე კვლავ დამოუკიდებელი ვარ”. მას შემდეგ საქართველო დამოუკიდებელ ცხოვრებას სწავლობს.

“საქართველოს დამოუკიდებლობა გადაწყდა – დამოუკიდებელი საქართველო 100 წლისაა”

 

ქეთი გიგოლაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები