LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალაქსაც და სოფელსაც თავისი ხელისუფლება უნდა ჰყავდეს

140

საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულმა რეფორმამ არ გაამართლა – 7 თვითმმართველ ქალაქს (ზუგდიდი, ოზურგეთი, თელავი, ამბროლაური, ახალციხე, გორი, მცხეთა) 2014 წელს მინიჭებული თვითმმართველი ერთეულის სტატუსი ჩამოერთმევა და ისევ 7 მუნიციპალიტეტთან გაერთიანდება.
ქალაქებსაც და სოფლებსაც საკუთარი ხელისუფლება უნდა ჰყავდეს – ამ არგუმენტით ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების გაერთიანებას ეწინააღმდეგება.

რატომ ერთიანდება თვითმმართველი ქალაქები და მუნიციპალიტეტები

2014 წელს თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების გაყოფას რამდენიმე მიზანი ჰქონდა – შემოსავლების გაზრდა, მოსახლეობის მეტი ჩართულობა ადგილობრივ მმართველობაში, თუმცა ეს ასე არ მოხდა.
როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, ცვლილებებს რეალური შედეგები არ მოჰყოლია. შემოსავლები არ გაზრდილა, მუნიციპალიტეტების ბიუჯეტი კი ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯზე გაიზარდა.

„ის მიზნები ვერ განხორციელდა, რასაც 2014 წელს გატარებული რეფორმით ველოდით, ამიტომ ახლა ვაერთიანებთ თვითმმართველ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს და შემოგვაქვს მმართველობის ახალი ელემენტები. მუნიციპალიტეტებში, რა პროექტებიც უნდა განხორციელებულიყო, ისევ განხორციელდება“ – აცხადებს სამინისტროს იურიდიული სამსახურის უფროსი დავით მეტრეველი.

ახალ ელემენტებში კოლეგიური ორგანოების შექმნა იგულისხმება, რომელსაც ქალაქის მერი დააკომპლექტებს, ორგანოს წარმომადგენლებს კი ქალაქის საკრებულო დანიშნავს. დავით მეტრეველი თქმით, ქალაქის მერი გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად ვეღარ მიიღებს, ამასთან ქალაქის საკრებულო უფლებამოსილებაც გაიზრდება. შეიქმნება ტერიტორიული ორგანოები ე.წ. სათათბირო, სათათბიროს წევრებს კი სოფლის მაცხოვრებლები აირჩევენ.

„ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ ზუგდიდი ქალაქი აღარ არის


თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების გაერთიანებას ევროპული გზიდან გადახვევად და უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებს ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი.
„მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს“ წევრის ლაშა დამენიას თქმით, ქალაქისა თუ სოფლის ნებისმიერ მაცხოვრებელს ერთნაირად უნდა მიუწვდებოდეს ხელი ადგილობრვ ხელისუფლებასთან, თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების გაერთიანება კი, მოსახლეობას ადგილობრივ მმართველობასთან აშორებს და პრიორიტეტს კი ერთ კონკრეტულ ქალაქს თუ სოფელს ანიჭებს. ის ასევე აღნიშნავს, რომ სოფელს და ქალაქს ერთმანეთისგან განსხვავებული პრობლემები აქვთ და არ შეიძლება მათ ერთი მმართველი ორგანო ჰქონდეთ.

„ფაქტობრივდ ერთ დღეს „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ ზუგდიდი აღარ არის ქალაქი, გორი აღარ არის ქალაქი და ა.შ. ზოგადად თვითმმართველობა მმართველი ორგანოს მოსახლეობასთან ახლოს ყოფნას ნიშნავს. როდესაც ეს 7 ქალაქი და 7 მუნიციპალიტეტი ერთმანეთისგან გამიჯნული იყო, თითოეულს თავისი ბიუჯეტი და თავისი მმართველი ორგანო ჰქონდა, ამ ფონზე მათი გაერთიანება კომუნისტურ წყობაზე გადასვლას ნიშნავს“ – აღნიშნავს ლაშა დამენია .

მსგავსი არგუმენტები აქვს თვითმმართველობის საკითხების ექსპერტს კოკა კიღურაძეს. მისი თქმით, თვითმმართველი ქალაქების მუნიციპალიტეტებთან გაერთიანება ქალაქებს მეტ პრიორიტეტს მიანიჭებს, სოფლის მოსახლეობა კი ყურადღების მიღმა დარჩება. ეს ცვლილება ბიუჯეტს მხოლოდ 5 მილიონი ლარით ამცირებს, ეს 5 მილიონი ლარი კი ნამდვილად ღირს იმ ეფექტად, რაც თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების დაყოფამ მოიტანა.

„2006 წლიდან 2013 წლამდე გარდა 5 დიდი ქალაქისა, ყველა სხვა ქალაქი და სოფელი ერთ მუნიციპალიტეტში იყო გაერთიანებული. პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ მთელი საბიუჯეტო სახსრების 80% ქალაქზე იხარჯებოდა, ხოლო 20% სოფელზე. ხელისუფლება ამბობს, რომ ადმინისტრაციულ ხარჯებს ამცირებს“ – განმარტავს კოკა კიღურაძე.

 

2014 წელს ქალაქების მუნიციპალიტეტებისგან გამიჯვნა ხელოვნური იყო

„ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია“ უმრავლესობის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, მხარს დაუჭერს – ამის შესახებ „ფორტუნას“ ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით მელუამ განუცხადა.
საბოლოო გადაწყვეტილება ასოციაციის აღმასრულებელი საბჭომ უნდა მიიღოს.
თუმცა მელუა პირად პოზიციას აფიქსირებს და აღნიშნავს, რომ 2014 წელსაც, როდესაც თვითმმართველი ქალაქები და მუნიციპალიტეტები ერთმანეთისგან გაიმიჯნა, მათი რეალურად დაყოფა არ მომხდარა.

„რომ ჩამოყალიბებულიყო ცალკე სახელისუფლებო დონე, რომელსაც საკუთარი ქონება, საკუთარი შემოსავალი, რაიმე განსხვავებული გადასახადები ექნებოდა, ეს სხვა საკითხი იქნებოდა, ამიტომ მე რეალურად ვერც ამ 7 თვითმმართველი ქალაქის და მუნიციპალიტეტის გაერთიანებაში ვხედავ ტრაგედიას“ – ამბობს მელუა „ფორტუნასთან“ საუბარში.

როდის შევა ცვლილება ძალაში

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გაერთიანების რეკომენდაცია მუნიციპალიტეტებს უკვე გადაუგზავნა. პასუხების მიღების შემდეგ კანონპროექტი პარლამენტს წარედგინება. ცვლილება ძალაში სავრაუდოდ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე შევა.

                                                                                            გვანცა ბზიავა