LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალების 22% და კაცების 31% მიიჩნევს, რომ ცოლის ცემა გამართლებულია – ეროვნული კვლევა

107

ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ახალი ეროვნული კვლევის მიხედვით,საქართველოში 7-დან 1 ქალს ოჯახში ძალადობა გამოუცდია, ქალების 9% სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვობაში გახდარა, 5-დან 1 ქალი ამბობს, რომ სექსუალური შევიწროება გამოუცდია.

ქალთა მიმართ ძალადობის ახალი ეროვნული კვლევის შედეგები გაეროს ქალთა ორგანიზაციამ (UN Women) წარმოადგინა.

კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ საქართველოში ქალებისა და კაცებისთვის ქალთა მიმართ ძალადობა დიდწილად კვლავაც მისაღებია: ქალების თითქმის ერთ მეოთხედს (22%) და კაცების ერთ მესამედს (31%) მიაჩნია, რომ  ცოლის ცემა გარკვეულ გარემოებებში გამართლებულია. უფრო მეტიც: ქალების თითქმის ერთი მეოთხედი (23%) და კაცების თითქმის ნახევარი (42%) მიიჩნევს, რომ ცოლი ქმარს მაშინაც კი უნდა დაემორჩილოს, თუ მას არ ეთანხმება.

კვლევა გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა და ევროკავშირმა ერთობლივად ჩაატარეს. კვლევის შედეგად, 2009 წლის შემდეგ ქალთა მიმართ ძალადობის გავრცელებისა და ამ პრობლემის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულებების შესახებ ეროვნული მასშტაბის სარწმუნო მონაცემების მოპოვება პირველად მოხდა. ამას გარდა, კვლევამ საქართველოში სექსუალური შევიწროებისა და ადევნების გავრცელება პირველად შეისწავლა.

ეროვნული კვლევის პროცესი 2017 წელს მიმდინარეობდა და იგი რაოდენობრივ და ხარისხობრივ მეთოლოგიებს აერთიანებდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ 15-64 წლის 6,006 ქალი და 15-64 წლის 1 601 კაცი გამოიკითხა. ხარისხობრივი კვლევა კი 47 შეხვედრას მოიცავდა. კვლევა საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქსტატის ერთობლივი ძალისხმევითა და ევროკავშირის მხარდაჭერით პროექტის ფარგლებში „ერთად დავძლიოთ ქალთა მიმართ ძალადობა“ ჩატარდა.

ვრცლად კვლევის შედეგების შესახებ დღეს გახდება ცნობილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები