LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალების გაშიშვლება და კრიმინალური სუბკულტურები ციხეებში – საპატიმროებში არსებული პრობლემები

204

“ადამიანის უფლებათა ცენტრისა” და სახალხო დამცველის აპარატი ერთობლივ ანგარიშს აქვეყნებს. მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ სასჯელაღსრულების დაწესესებულებებში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ის, რომ დაწესებულებაში მიღებისას კვლავ ხდება ქალი პატიმრების სრული პირადი შემოწმება გაშიშვლების გზით, რა დროსაც მათ სთხოვენ ბუქნების გაკეთებას. ეს ფაქტი განსაკუთრებით აღსანიშნავია, იმის გამო, რომ დაწესებულებაში, სკანერის აპარატიც არის დამონტაჟებული. ქალ-მსჯავრდებულებს-ბრალდებულებს დაწესებულებაში პირველადი მოთავსების დროს არ ეძლევათ შესაძლებლობა აირჩიონ შემოწმების რომელ სახეს ირჩევენ.

მონიტორინგი სასჯელაღსრულების მე-5 დაწესებულებაში ჩატარდა.

„სკანერის, როგორც სრული შემოწმების ალტერნატიული მეთოდის გამოყენება გულისხმობს არა სრული შემოწმების სხვა მეთოდებთან ერთად გამოყენებას, არამედ ამ მეთოდების ალტერნატივას, რომლის გამოყენების შემდგომ არ უნდა მოხდეს დამატებითი მეთოდების გამოყენება,” –  ნათქვამია ანგარიშში.

მე-5 დაწესებულებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2018 წლის 1-ელი იანვრიდან 30 აპრილის ჩათვლით პერიოდში სრული შემოწმება ჩაუტარდა 514 ბრალდებულს/მსჯავრდებულს დაწესებულებაში მიღებისას, ხოლო 566-ს დაწესებულების დატოვებისას.

ანგარიშში საუბარია კიდევ ერთ პრობლემაზე: სასჯელაღსრულების მე-11 დაწესებულებაში სერიოზულ საფრთხეს ქმნის არასრულწლოვნებს შორის არსებული კრიმინალური სუბკულტურა, რაც ხშირად ხდება პატიმრებს შორის ძალადობისა და ჩაგვრის მიზეზი. ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ კრიმინალური სუბკულტურის გავლენით ხდება პატიმრების არაფორმალური დაყოფა.

მონიტორინგის წევრების ვიზიტის დროს მე-11 დაწესებულებაში სულ 15 არასრულწლოვანი მსჯავრდებული იყო მოთავსებული.

ანგარიშის თანახმად, მე-11 დაწესებულებაში 2018 წლის 1-ელი იანვრიდან 15 მარტის ჩათვლით პერიოდში დაწესებულებაში დაფიქსირდა არასრულწლოვანი მსჯავრდებულების სხეულის დაზიანების 17 შემთხვევა, მათგან 1 იყო სხვა მსჯავრდებულის მიერ მიყენებული ფიზიკური დაზიანების შედეგად, 5 თვითდაზიანება და 11 – საყოფაცხოვრებო ტრავმა.

„საგულისხმოა გაურკვეველი წარმომავლობის, ასევე საეჭვო ხასიათის და ლოკალიზაციის ტრავმები, საუბარია შემთხვევებზე, როცა პატიმარი დაზიანების წარმომავლობად მიუთითებს საყოფაცხოვრებო ტრავმას, მაგრამ დაზიანების ლოკალიზაცია და ხასიათი ეჭვს ბადებს, რომ დაზიანება შეიძლება მიყენებული იყოს სხვა პირის მიერ,” – ნათქვამია ანგარიშში.

მონიტორინგი 2017 წლის 15 დეკემბრიდან 2018 წლის 15 ივნისამდე პერიოდს მოიცავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები