LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალების მონათხრობი შეიცავს სავარაუდო სექსუალური შევიწროების და ძალადობის ნიშნებს – ომბუდსმენი

88

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ქალთა მოძრაობის წარმომადგენლებს და იმ პირებს შეხვდა, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის ყოფილი კანდიდატის, ზვიად დევდარიანის,  მხრიდან შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტებზე საუბრობენ.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ “ქალების მონათხრობი  შეიცავდა როგორც სავარაუდო სექსუალური შევიწროების, ასევე სექსუალური ხასიათის ძალადობის ნიშნებს.”

აღნიშნულ ფაქტებს სახალხო დამცველი საკუთარი ინიციატივით შეისწავლის, დისკრიმინაციის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმის ფარგლებში.

“აღსანიშნავია, რომ სავარაუდო შემთხვევათა შესახებ სახალხო დამცველისთვის მხოლოდ კანდიდატის დასახელების შემდგომ გახდა ცნობილი, მას შემდეგ რაც ქალთა მოძრაობამ საჯარო განცხადება გაავრცელა.სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საკითხის მნიშვნელობას, გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში შეისწავლოს სექსუალური შევიწროების ყველა შესაძლო შემთხვევა და მოუწოდებს დაინტერესებულ პირებს მიმართონ სახალხო დამცველის ოფისებს ანდა დაუკავშირდნენ ცხელ ხაზზე 1481.

სახალხო დამცველი აგრძელებს მუშაობას ქალთა მიმართ ძალადობის, სექსუალური შევიწროებისა და სქესის ნიშნით დისკრიმინაციის წინააღმდეგ და მოუწოდებს პასუხისმგებელ უწყებებს, დაიწყონ მუშაობა სექსუალური შევიწროების რეგულირების ეფექტიანი მექანიზმის შესაქმნელად.

ამასთან, დროულად გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები სექსუალური შევიწროების საკანონმდებლო დეფინიციისთვის, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის არასასურველ სიტყვიერ, არასიტყვიერ ან ფიზიკურ ქმედებას, რომელიც პირს შეურაცხყოფს, ამცირებს, აშინებს ან/და ულახავს ღირსებას,”- აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.