LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქალებო, ვისაც სხვისი დაჟინებული მზერა თვითშეფასებას გიმაღლებთ, შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ…“

188

სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი „ფეისბუქზე“ ეხმიანება იმ რეზონანსს, რომელიც სექსუალური შევიწროების თემამ გამოიწვია და აღნიშნავს:

„ოჯახში ძალადობის თემაზე ჩატარებულ გამოკითხვებში ხშირად ყოფილა „ველზე“ შემთხვევები, როცა მშობლები შვილის ცემას, როგორც აღზრდის ერთ-ერთ მეთოდს, ან ცოლები ქმრებისგან წამოსულ სიტყვიერ შეურაცხყოფას (გინებას), ნორმალურ მოვლენად აღიქვამენ და მშობლის ან ქმრის წმიდათაწმიდა მოვალეობად მიიჩნევენ. არგუმენტებსაც იშველიებენ, მაგალითად ასეთს: „შვილი გაზარდე მტრად, გამოგადგება მოყვრად“.

ჰოდა, ნებისმიერ ახსნაზე, რომ ეს ოჯახური ძალადობის შემთხვევებია, ასეთ მშობლებს და ქმრებს ირონიულად ეღიმებათ (უარესი რექციებიც გვინახავს). ამ ადამიანებს არავინ სჯის ოჯახში ძალადობის გამო. ძალადობის აღიარება ხომ პირველ რიგში მისი გაცნობიერებით იწყება?

იმ ქალებს, ვისაც მამაკაცის მხრიდან მიშტერება მათივე უპირატესობის დადასტურებად მიაჩნია (ასეთები კი, როგორც ფბ–დან ჩანს, ბევრია), ცხადია, არავინ ჩათვლის სექსუალური შევიწროების მსხვერპლად. აქ ქალის ცნობიერებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა – თუ ქალი უხამსი მიშტერებით თავს შეურაცხყოფილად გრძნობს, მას აქვს უფლება, თავი დაიცვას. და სწორედ ასეთ ქალებს იცავს კანონი.

ასე რომ, ძვირფასო ქალებო, ვისაც სხვისი დაჟინებული მზერა თვითშეფასებას გიმაღლებთ, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ: თქვენთან მიმართებით ასეთი ქცევა არ დაისჯება“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები