LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალს, რომელსაც გულის შეტევა ჰქონდა, ექიმებმა ყურადღება არ მიაქციეს – “უპატრონო ხარო”

354

ქალს, რომელიც გულის შეტევით მიიყვანეს კლინიკაში, ექიმებმა ყურადღება არ მიაქციეს, უთხრეს “უპატრონო ხარო” და სახლში გაუშვეს, ამის შესახებ “ფეისბუქზე” ჟურნალისტი სოსო კაციტაძე წერს. 

“ბოლო პერიოდში ხშირად მომიწია სხვადასხვა კლინიკასთან ურთიერთობამ და საბოლოოდ დავრწმუნდი იმაში, რაც აქამდეც ვიცოდი – ჯანდაცვა ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის.

ამჯერად ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოზე მოგიყვებით. 15 დღის წინ, 13 მარტს, ბიცოლაჩემი გადაიყვანეს აქ სამტრედიის საავადმყოფოდან. გული აწუხებს და ქუჩაში დავარდა. როგორც ყვება, ძალიან გულგრილად შეხვდნენ, ზერელედ გასინჯეს, ერთ-ერთმა თანამშრომელმა უთხრა უპატრონო ხარო (ქვეტექსტით, რომ არავინ მიხედავს და ტყუილა აქვს იმედი) და მალევე გამოწერეს სახლში, რომ გულზე არაფერი სჭირს.

გუშინ, 28 მარტს ისევ ქუჩაში დავარდა და ისევ იგივე გზა გაიარა – სამტრედიის საავადმყოფო – ქუთაისის ცენტრალური კლინიკა. უარს ამბობდა, ისე მომექცნენ ქუთაისში, აღარ მინდა მანდო.

ამიტომ შევძარი მსოფლიო, ირაკლი აკობია, ბანძელაძე ჟუკა, ჯანდაცვის სამინისტრო  და მადლობა მათ, დახმარებისთვის. და მადლობა ვინმე ანას (გვარი არ ვიცი, სამწუხაროდ), ქუთაისის საავადმყოფოს თანამშრომელია, რომელიც ძალიან დამეხმარა, დარეკა კლინიკაში და ბიცოლაჩემს დიდი ამბით დახვდნენ.

ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოში დღეს აღმოაჩინეს, რომ გულზე ბევრი დაზიანებაა და დამატებითი კვლევებია საჭირო. ამიტომ დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს და თან ბიცოლაჩემის ნათესავებს ქუთაისის კლინიკის დირექტორი შეხვდა.

რამდენიმე კითხვა მაქვს და არცერთი პასუხი:

• კარდიოლოგმა (რომლის სახელიც ვიცი, მაგრამ ცხადია აქ დაწერა უწესობა იქნება ჩემი მხრიდან) 13 მარტს რატომ დატოვა ღვთის ანაბარა ადამიანი?
• თუკი ორი კვირის წინ გულზე არაფერი სჭირდა პაციენტს (როგორც ეს ქუთაისის კლინიკაში თქვეს), ორი კვირის შემდეგ იგივე კლინიკაში როგორ აღმოაჩინეს ბევრი დაზიანება და დამატებითი კვლევების საჭიროება?
• როცა ექიმი ფიცს დებს, როგორ თავისუფლდება პროფესიული მორალისა და პასუხისმგებლობისგან?
• მე რომ ჩემი პროფესია არ გამომეყენებინა, არ გამომეძებნა ნაცნობები, რა იქნებოდა მაშინ?
• და ვისაც არ აქვს კონტაქტები და ვერავინ ეხმარება, იმათ რა ბედი აქვთ?

დიდი იმედი მაქვს და მჯერა, ჯანდაცვის უწყება მიაქცევს ასეთ ამბებს ყურადღებას. ეს ერთი ფაქტია, მაგრამ ძალიან ვეჭვობ ერთადერთი იყოს. ყურადღებით მივადევნებ თვალს მოვლენების განვითარებას და კი, ბევრი უნდა ვილაპარაკოთ ხელმისაწვდომ ჯანდაცვაზე, ვიდრე გულგრილი ექიმების, ბიუროკრატიის და სხვა პრობლემის გამო, ადამიანებმა არ იციან რა ქნან,” – წერს ჟურნალისტი “ფეისბუქზე”.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები