LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქარის ელექტროსადგური შესაძლოა ზესტაფონშიც აშენდეს

141

ზესტაფონში ქარის ელექტროსადგურის აშენებით სამი ინვესტორი დაინტერესდა. მათი სატენდერო წინადადებების განხილვა ენერგეტიკის განვითარების ფონდმა უკვე დაიწყო.
როგორც ”ფორტუნას” ფონდში განუცხადეს, თუ კომისიას დამატებითი კითხვები არ გაუჩნდება სატენდერო წინადადებებთან დაკავშირებით და დამატებით დოკუმენტებს არ მოითხოვს, გეგმის მიხედვით, გამარჯვებული 27 თებერვალს დასახელდება.

როგორც ენერგეტიკის განვითარების ფონდში განმარტავენ, შერჩეულ ტერიტორიაზე წინასწარი კვლევა უკვე ჩატარებულია და ადგილზე 150 მეგავატი სიმძლავრის სადგური აშენდება. გამომუშავებული ელექტოენერგია იქნება 478.2 მლნ. კვტ/საათი; ტურბინების რაოდენობა – 50 ერთეული; თითო ტურბინის დადგმული სიმძლავრე – 3 მეგავატი. პროექტის ღირებულება კი 227 მილიონი დოლარია.

დაინტერესებულ პირებს ინტერესის გამოსახატად ერთთვიანი ვადა ჰქონდათ. ტენდერი მშენებლობაზე 18 იანვარს გამოცხადდა და სატენდერო დოკუმენტაციის მიღება 20 თებერვალს დასრულდა.

შეგახსენებთ, საქართველოში ქარის პირველი ელექტროსადგური „ქართლი“ 2016 წლის შემოდგომიდან უკვე ფუნქციონირებს. ის გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს. პროექტი საქართველოს „ენერგეტიკის განვითარების ფონდის” და ”საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის” შვილობილმა კომპანია შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურმა“ განახორციელა.

ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 20,7 მეგავატია, ხოლო გამომუშავებული ელექტროენერგია 88 მლნკვტ/საათი. ქარის ელექტროსადგური შედგება ექვსი აგრეგატისაგან, თითოეულის სიმძლავრე 3,45 მგვტ-ს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები