LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულ ბაზარზე ახალი ელექტრომობილების შემოყვანა დაიწყო

438

LADA-ს და CHANGAN-ის ოფიციალურმა დილერმა საქართველოში შპს “გლობალ მოტორს ჯორჯიამ”, ახალი (0 გარბენიანი) ელექტრომობილების შემოყვანა დაიწყო.

როგორც “ფორტუნასთან” კომპანიაში განაცხადეს CHANGAN–ის ელექტრომობილები DOJO COOYE მათ უკვე შეიძინეს და აპრილში ისინი საქართველოში იქნება.

თეთრი ფერის ამ მოდელებიდან ერთი კომპანიის შოურუმში, ტესტდარივზეც იქნება წარმოდგენილი.

 

CHANGAN–ის ეს მოდელები ცენტრში 9 000 დან 11 500 დოლარამდე ეღირება (კომპლექტაციის მიხედვით).


როგორც “ფორტუნას” კომპანიაში განუცხადეს, ჩვეულებრივ პირობებში ამ ელექტრომობილს სრული დატენვისთვის 8 საათი სჭირდება, რის შემდეგაც მისით 180 კილომეტრის გავლის საშუალებას იძლევა.

“ეს ელექტრომობილი გარდა იმისა, რომ ეკოლოგიურია, საოცრად კომფორტულიცაა. მის სრულად დატენვას დაახლოებით, 8 საათი ანუ 1.60 ლარი სჭირდება. სრულად დამუხტული ავტომობილი კი საშუალებას მოგცემთ 180 კილომეტრი გაიაროთ, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება ერთი დატენვით თქვენ რამდენიმე დღეც იაროთ, მხოლოდ ელექტროენერგიის ხარჯით”, – განაცხადა გოჩა როსტიაშვილმა “ფორტუნასთან”.

მისი განცხადებით, მთავრობის მიერ გადადგმულმა ნაბიჯმა ელექტრომობილების წახალისებისთვის (საბაჟო გადასახადისგან მათი გათავისუფლება), საკმაოდ დადებითი ტენდენცია შექმნა და ამ ეკოლოგიური ტრანსპორტით უამრავი ადამიანი დაინტერესდა.

წლის ბოლომდე “გლობალ მოტორს ჯორჯია” სულ მცირე 20 ერთეული ელექტრომობილის ჩამოყვანას გეგმავს.

თბილისში უკვე რამდენიმე ელექტომობილის დასამუხტი სადგური დამონტაჟდა. კომპანია espace–ს, რომელმაც თბილისში პირველი ელექტრომობილების სადგურების დამონტაჟება დაიწყო, მერიამ ფართი უფასოდ გამოუყო. ელექტრომობილის ორი დამტენი თბილისში სრულიად უსასყიდლოდ ემსახურება მსურველებს. სადგურებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების ხარჯს ასევე, თბილისის მერია ფარავს – 2017 წლის ბოლომდე.

კომპანია e-space-ის მეშვეობით, სადგურების მონტაჟი ასევე დაიწყო მსხვილმა, კერძო კომპანიებმა, როგორიცაა “ლისი დეველოპმენტი” და “რედისონ ბლუ ივერია”.

იხილეთ ჩვენი სტატია ელექტრომობილების შესახებ: რა ღირს საქართველოში ელექტრომობილები – მითები და რეალობა.

თამთა უთურგაშვილი