LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულ ბაზარზე გლობალური ინტერნეტ-პროვაიდერების შემოსვლა იგეგმება

132

ქართულ ბაზარზე გლობალური ინტერნეტ-პროვაიდერების შემოსვლა იგეგმება. ამ საკითხზე კომუნიკაციების ეროვნული კომისია უკვე მუშაობს. 

როგორც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, კახა ბექაური ამბობს, კომპანიები ადგილობრივ ფიქსირებულ ინტერნეტ პროვაიდერებთან უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს. მისივე განცხადებით, პროცესში გარკვეულ შეფერხებებს ჰქონდა ადგილი, რასაც კომისია მკაცრად აკონტროლებს და არავის მისცემს შესაძლებლობას, რომ მსხვილ უცხოურ კომპანიებს ბაზარზე შემოსვლაში ხელი შეუშალონ.

„კომისია აქტიურად მუშაობს, რომ საბითუმო ბაზარზე და განსაკუთრებით ეს ეხება ფიქსირებული ინტერნეტის საბითუმო ბაზარს, შევქმნათ ძლიერი კონკურენცია. დღეს ამ ბაზარზე კონკურენციის კუთხით  ცუდი მდგომარეობაა, მაგრამ გარწმუნებთ, რომ კომისია ამ საკითხზე აქტიურად მუშაობს. ბოლო წლების განმავლობაში ამ მიმართულებით არაფერი გაკეთებულა. ჩვენ მოვახერხებთ, რომ ამ ბაზარზე იყოს ძლიერი კონკურენცია, მაგრამ ამას დაჭირდება გლობალური ინტერნეტის მომწოდებელი მსხვილი კომპანიების ქართულ ბაზარზე შემოსვლა და ეს პროცესი უკვე დაწყებულია. მათი შემოსვლის შემდეგ, ბაზარზე ფასები იქნება ძალიან დაბალი. ჩვენ ჩართული ვართ ამ პროცესში, რათა სამართლიანად წარიმართოს ის და არსებულმა ოპერატორებმა პროცესს ხელი არ შეუშალონ“ – განაცხადა კახა ბექაურმა.

მისივე თქმით, ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა და 2017 წლის ბოლოს, კომისიის ძალისხმევით ფიქსირებული ინტერნეტის საბითუმო ფასი 32 ლარიდან 15 ლარამდე შემცირდა.

„ეს ფასი კიდევ დაბლა დაიწევს. მაგრამ აქ მხოლოდ ფასის დაწევა არ არის მთავარი. მთავარია გაყიდვის წერტილების შექმნა, ანუ საბითუმო ინფრასტრუქტურის დაშვების და ტარიფის რეგულაციების შემოღება. იმისთვის, რომ როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში მცირე და საშუალო ოპერატორებს საბითუმო ინტერნეტ ბაზარზე ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი ჰქონდეთ და კომისია ამ პროცესს ბოლომდე მიიყვანს“ – განმარტავს კახა ბექაური.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები