LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულ დაფნას უცხოეთი ითხოვს: ახალი საექსპორტო ბაზრები იხსნება

410

ქართულ დაფნაზე მოთხოვნა იზრდება. პროდუქტი, რომელიც აქამდე, ძირითადად, რუსეთისა და უკრაინის ბაზრებზე გადიოდა, უახლოეს მომავალში ახალ საექსპორტო ბაზრებზეც შევა. როგორც ”ფორტუნას” მეწარმეობის განვითარების სააგენტოს, ექსპორტის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსმა, კოტე მდინარაძემ განუცხადა, ქართული დაფნით სპარსეთის ყურის ქვეყნები და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა ინტერესდება.

”გასულ თვეს დუბაიში გამართულ სავაჭრო გამოფენაზე 13-ამდე ქართულმა კომპანიამ საკუთარი პროდუქცია წარმოადგინა. მათ შორის იყო დაფნაც, რომელმაც სპარსეთის ყურის ქვეყნების დაინტერესება დაიმსახურა. რაც შეეხება ევროპას, საქართველოდან დაფნის იმპორტით ბალტიის ქვეყნები და პოლონეთი ინტერესდებიან”, – აღნიშნა მდინარაძემ. მისივე ინფორმაციით, პოლონეთში სატესტო რეჟიმში უკვე გაიგზავნა დაფნის საცდელი პარტია. მოწონების შემთხვევაში კი მხარეებს შორის სტაბილური თანამშრომლობა დაიწყება.

როგორც მდინარაძემ განმარტა, ამ ეტაპზე საქართველოში დაფნის წარმოებით 10-ამდე კომპანიაა დაკავებული. მათი დიდი ნაწილი, ექსპორტის კუთხით, რუსეთთან და უკრაინასთან თანამშრომლობს.

”რაც შეეხება სხვა ქართულ პროდუქციას, ყველაზე დიდი საექსპორტო შესაძლებლობებით ქართული თხილი გამოირჩევა. ევროპის ბაზარზე უმეტესად სწორედ თხილი, ბოსტნეულისა და ხილის გადამუშავებული წვენები, ქართული მოცვი, კენკროვანი ხილი და კივი გადის”, – აღნიშნა ექსპორტის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსმა. ცოცხალი პირუტყვის მხრივ კი, ყველაზე მოთხოვნადი ქართული ცხვარია, რომელიც ექსპორტზე ირანსა და სხვა ისლამურ ქვეყნებში იგზავნება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები