LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული არხები ფასიანი ხდება?! – მიზეზები და მხარეების პოზიციები

ქართული არხები შესაძლოა ფასიანი გახდეს. ამის გამო, „სილქნეტის“ მომხმარებელს პაკეტის ღირებულება გაუძვირდება.

კომპანიამ თავის მომხმარებელს შესაძლო ცვლილებების შესახებ, ეკრანებიდან შეატყობინა.

“გვსურს შეგატყობინოთ არასასიამოვნო სიახლე. რუსთავი 2, მაესტრო და იმედი აბონენტებისთვის საზიანოდ შეთანხმდნენ, რომ ფასიანი გახადონ მათი ჩვენება, რამაც შეიძლება გააძვიროს პაკეტის ღირებულება”, – ატყობინებს კომპანია მომხმარებელს.

 

რეალურად, შესაძლოა, გაძვირდეს არა სამი, არამედ 6 არხი

ამ შეტყობინებაში მხოლოდ რუსთავი 2–ზე, იმედზე და მაესტროზეა საუბარი, თუმცა “ფორტუნასთან” სილქნეტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შესაძლოა, ფასიანი სხვა ქართული არხებიც გახდეს.

” კომპანია სილქნეტმა მომხმარებლებს მიაწოდა ინფორმაცია ზოგიერთ ქართულ არხზე ფასის შესაძლო დაწესების თაობაზე. ესენია: რუსთავი 2, მაესტრო, ჯიდიესის და იმედი, ასევე მარაო დაკომედი არხი. შექმნილია შუამავალი კომპანია შპს GMR, რომელიც აღნიშნული ტელე არხებისაგან მინიჭებული უფლებით კომერციულად გაავრცელებს ამ 6 არხის მიერ წარმოებულ კონტენტს. შეტყობინება დაგზავნილია 50-მდე საკაბელო მაუწყებელთან, მათ შორის სილქნეტთან. კომპანიაში ვარაუდობენ, რომ ეს სიახლე შესაძლოა აისახოს პაკეტების ფასზე”, – განუცხადეს “ფორტუნას” სილქნეტში.

როგორც სილქნეტში განგვიმარტეს, გაძვირდება თუ არა ქართული არხები ამას კომპანია GMR გადაწყვეტს. კომპანიას ამ ტელეარხების რეტრანსლირების უფლება 1 ივნისიდან ენიჭება.

“ფორტუნა” GMR–ის დირექტორს ზურაბ ნაყეურს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ მათი წერილობითი მიმართვის შემდეგ, სილქნეტი MGR-ს არ დაკავშირებია და განცხადება სილქმა მათთან შეთანხმების გარეშე გაავრცელა. ტარიფებისა და ვადების შეთანხმება კი სწორედ ამ ორ კომპანიას შორის უნდა მოხდეს.

“ჩვენი არაერთგზის მცდელობის მიუხედავად, სილქნეტი წერილის მიღების შემდეგ არ დაგვკავშირებია”, – განაცხადა ზურაბ ნაყეურმა “ფორტუნასთან”.

ამ სიახლესთან დაკავშირებით, აღნიშნულ ტელეარხებს საკუთარი პოზიცია და განმარტება არ გაუვრცელებიათ.

 

მიმდინარე მოვლენებს “რუსთავი 2″–ის დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ეხმაურება და სილქნეთს მიმართავს, პაკეტიდან რუსული არხები ამოიღოს.

“ისე, საკუთარი მოგების მარჟის შემცირებას, ათასი იდიოტური უსახელო არხის ამოღებას და სხვა მისთანებს თუ გადავდებთ, ტექნიკური თვალსაზრისით რუსული პროპაგანდის გავრცელების მთავარი პლატფორმა რომ ხართ, ძვირფასო სილქნეტო, ამოიღეთ რუსული ტელევიზიები და დაზოგეთ ფულიც და ქვეყანაც”, – წერს რუსთავი 2–ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.

 

საზოგადოებრივი აზრი დაიტესტა

სილკის მიერ მომხმარებელთან გაგზავნილ მესიჯებს, საზოგადოების დიდი ნაწილი მათ “დატესტვად” თვლის და ვარაუდის დონეზე კომპანიის მიერ გაკეთებულ ასეთ განცხადებას, უპასუხისმგებლოს უწოდებს.

თუ კომპანიამ მართლაც საზ. აზრი დატესტა, მათ ამაზე ცალსახად უარყოფითი პასუხი მიიღეს. “ფორტუნასთან” სილკის მომხმარებელთა ნაწილი ამბობს, რომ სხვა საკაბელო ტელევიზიას აირჩევს, ნაწილი კი ამბობს, რომ ამ არხების ყურებას საერთოდ შეწყვეტს.

 

Media Rights Georgia

საქართველოში მოქმედი 6 ტელეარხის რეტრანსლირების უფლება, შესაძლოა ერთ კომპანიას მიენიჭოს. Media Rights Georgia ახლადშექმნილი კომპანიაა, რომელიც საქართველოში დაახლოებით 2 კვირის წინ დარეგისტრირდა. მისი ერთ–ერთი დირექტორი კი მაესტროს ყოფილი დირექტორი ზურაბ ნაყეურია.

MRG-მ უკვე მიმართა საკაბელო კომპანიებს წერილით, რომ 1 ივნისიდან ტელეარხების: იმედი, რუსთავი 2, მაესტრო, GDS, კომერდი არხი, მარაო, – რეტრანსლირების უფლება მათ შესაძლოა შეუჩერდეთ, თუ ნებართვის მისაღებად MRG-ს არ მიმართავენ.

MRG-სგან წერილი საქართველოში მოქმედმა თითქმის ყველა საკაბელო ოპერატორმა მიიღო. საკაბელოთა ასოციაციამ კი განცხადებით საქართველოს ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მიმართა. ასოციაციაში განმარტავენ, რომ 1 კომპანიის მიერ 6 არხის რეტრანსლირების ექსკლუზიური უფლება სააბონენტო გადასახადს გაზრდის, თავისუფალი კონკურენციის პირობებს კი შეზღუდავს. კომისიაში „საქმის კურსს“ განუცხადეს, რომ ასოციაციის განცხადების შესწავლა უკვე დაიწყო.

საკაბელო ტელევიზიებმა გაავრცელეს განცხადება, რომ თუ MRG  პოზიციებს არ შეცვლის, ისინი ქართული არხების სიგნალის გათიშვის გადაწყვეტილებას მიიღებენ.

თამთა უთურგაშვილი

პოპულალურები