LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ბეჭედი, რომლითაც ყველა შენობაში მარტივად შეხვალთ დღეიდან გაიყიდება

163

ქართული ბეჭედი, რომლითაც ყველა შენობაში მარტივად შეხვალთ, უკვე დღეიდან გაიყიდება. ”ინოვაციური, დახვეწილი და მოსახერხებელი – ბეჭედი , რომელიც თქვენს ყოველდღიურობას შეცვლის” – ასე ახასიათებენ ”კნიკს” მისი შემქმნელები.

როგორც ”ფორტუნას” ჭკვიანი ბეჭდის მწარმოებელი კომპანია Cnick-ის ოპერაციების დირექტორმა გიორგი მიქაცაძემ განუცხადა,  ჭკვიანი ბეჭდის  მეშვეობით შესაძლებელია, მხოლოდ ერთი ხელის მოძრაობით, სხვადასხვა შენობაში ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შესვლა.

”შეაღე სახლი, შეაღე ოფისი, შეაღე დარბაზი, გაატარე ბილეთი – ”კნიკით” ყველა გზა ხსნილია. ამასთან შესაძლებელია  ბეჭდის ერთი შეხებით სმარტფონის მართვა,  ფაილების, ემოციის, მოგონებების გაზიარება”, – აღნიშნა მიქაცაძემ. მისი თქმით, ”კნიკი” ეგზოტიკური ხისგან მზადდება და ის  წყალგამძლეა.

როგორც Cnick-ის ოპერაციების დირექტორი ამბობს, ეს არის პირველი ქართული მაღალტექნოლოგიური აქსესუარი,  მომავლის ჭკვიანი ბეჭედი აწმყოში, რომლის ღირებულებაც 99 ლარიდან იწყება და 119 ლარამდეა. პროდუქციის რეალიზაცია კი ამ ეტაპზე სოციალური ქსელის მეშვეობით ხორციელდება.

”გვაქვს ინდივიდუალური შეკვეთებიც- ამ შემთხვევაში ბეჭდის ღირებულება ოდნავ მაღალია. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ გაყიდვები დღეს დავიწყეთ,  პირველი რამდენიმე მყიდველი ჩვენგან 20%-იან ფასდაკლებას მიიღებს”, – განმარტა გიორგი მიქაცაძემ.

მისივე ინფორმაციით, ჭკვიანი ბეჭდის აპლიკაციით შესაძლებელია ანდროიდის ტიპის ტელეფონიდან საკონტაქტო მონაცემების, ლინკების,  ტექსტების ან სხვა ნებისმიერი მცირე ზომის ინფორმაციის ჩაწერა  და სხვა ტელეფონზე, ერთი ხელის შეხებით, აღნიშნული ინფორმაციის  გაზიარება.  გარდა ამისა, „კნიკი“ინახავს მფლობელის სამედიცინო ინფორმაციასაც. მას  აქვს ასევე,  ანდროიდის სმარტფონის განბლოკვის, ფანრის გახსნის, მაღვიძარას დაყენებისა  და სხვა მრავალი  ფუნქცია.

 

შეგახსენებთ, საქართველოში ინოვაციური, ხის პირველი ჭკვიანი ბეჭდის წარმოება გასულ წელს დაიწყო. მაშინ სატესტო რეჟიმში 50 ბეჭედი დამზადდა. ჭკვიანი ბეჭდის სტარტაპის იდეა თავისუფალი უნივერსიტეტის 4 სტუდენტს ეკუთვნის. აღნიშნული პროექტი შპს Cnick-მა „სტარტაპ საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში განახორციელა. პროექტმა მაღალტექნოლოგიურ კონკურსში გაიმარჯვა და 100 000 ლარის დაფინანსება მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები