LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ბრენდი ნიუ-იორკში მაღაზიას გახსნის

207

თბილისში ახალი საფეიქრო ფაბრიკა გაიხსნა. კომპანია „მატერიამ“ თბილისში ევროპული სტანდარტების თანამედროვე ფაბრიკა ააშენა, სადაც ამ ეტაპზე 250-მდე ადამიანია დასაქმებული.

კომპანია „მატერია“ ქართველი დიზაინერების პროდუქციას აერთიანებს და ორ ბრენდს, პრემიუმ კლასის „მატერიელი“-ს და საშუალო შემოსავლიან სეგმენტზე გათვლილ „დოთსი“-ს ფლობს.

”მატერიამ” ახალი ფაბრიკის გასახსნელად EBRD-სგან 1 200 000 ლარის ოდენობის ბიზნესსესხი აიღო, რაც თანამედროვე ტექნოლოგიის საწარმოო ხაზის შეძენას მოხმარდა.

„მინდა მადლობა გადავუხადო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, რომელმაც ძალიან აქტიური მონაწილეობა მიიღო საწარმოების განახლებაში. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ აქ არის წარმოდგენილი წარმოების სრული ციკლი. იდეიდან, მოდელირებიდან და საბოლოო პროდუქტამდე. საკმაოდ და ძლიერ დივერსიფიცირებული ბიზნესი აქვთ. სიმართლე გითხრათ ძალიან მომეწონა. მათ ეფექტურად აქვთ აწყობილი ბაზრებზე წვდომის არხებიც” , – განაცხადა ფაბრიკის გახსნისას ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ და აღნიშნა, რომ მსუბუქი მრეწველობა ეს ის სექტორია, სადაც ჩვენ სერიოზული ზრდის პოტენციალი გაგვაჩნია.
ამ ეტაპზე, „მატერიელის“ ბრენდი ექსპორტზე ათამდე ქვეყანაში გადის. (შვეიცარია, ავსტრალია, სამხრეთ კორეა, რუსეთი, იტალია, ჩინეთი, სასომხეთი, ყატარი, ქუვეითი, უკრაინა).

კომპანიის მაღაზიები თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე და ბათუმში სასტუმრო „ჰილტონში“ მდებარეობს. უახლოეს დღეებში კი კომპანიის პირველი მაღაზია შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკში გაიხსნება.

ცნობისთვის, „მატერია“ უნიფორმებს ქართული ჯარისთვის, საპატრულო და სასაზღვრო პოლიციისთვის, მერიის დასუფთავების სამსახურისთვის, „საქართველოს ფოსტისთვის,“ საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრებისთვის კერავს.

„მატერიას“ წარმომადგენლების ინფორმაციით, სამომავლოდ ფეხსაცმლის ხაზის შექმნაც იგეგმება. ჰოლდინგის მიერ ნაწარმოები მასიური პროდუქცია ექსპორტზე კიდევ უფრო მეტ ქვეყანაში გავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები