LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ენის შენარჩუნება ჩვენს დიასპორაში 2019 წელს პრიორიტეტული იქნება – მამუკა ბახტაძე

102

მეც მიცხოვრია საზღვარგარეთ და როცა შენი ქვეყნიდან მოშორებით ცხოვრობ, განსაკუთრებით ემოციურად აღიქვამ შენი ქვეყნის წარმატებასაც და განსაცდელსაც, ვფიქრობ, ყველა ქართველს ეს ემოცია აერთიანებს, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებსაც დღეს ვაშინგტონში, საქართველოს საელჩოში უმასპინძლა.

მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ განათლების რეფორმის მთავარი პუნქტი ქართული ენის პოპულარიზაცია და დიასპორაში მისი შენარჩუნება იქნება.

„თქვენ პატრიოტულ საქმეს აკეთებთ და მინდა, გამოვხატო თქვენდამი პატივისცემა. ქართული ენის შენარჩუნება ჩვენს დიასპორაში უდიდესი საქმეა და ეს საკითხი 2019 წელს გაცილებით მაღალ პრიორიტეტში იქნება წარმოდგენილი. განათლების რეფორმის მთავარი პუნქტია სწორედ ქართული ენის პოპულარიზაცია და შენარჩუნება ჩვენს დიასპორაში. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი უკვე ჩაიდო მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და თითოეულ თქვენგანს, ვინც ამ დიდ საქმეს აკეთებს, დიდი მადლობა გადაგიხადოთ,” – მიმართა პრემიერმა დიასპორის წარმომადგენლებს.

მამუკა ბახტაძემ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ქართველი სამხედროების საქმიანობას და აღნიშნა, რომ ვაშინგტონში გამართულ შეხვედრებზე მათ გამორჩეულ როლს ყველა აღნიშნავს.

“ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ როდესაც ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ, მას ყველაზე მაღალ დონეზე, მაღალი პროფესიონალიზმით ვაკეთებთ, რისთვისაც მინდა, მადლობა გადაგიხადოთ. მინდა, მივესალმო ჩვენს სტუდენტებს და ვუთხრა, რომ თითოეული თქვენგანის კონტრიბუცია ჩვენს ეკონომიკაში, რასაც მე საერთო ადამიანურ კაპიტალს ვუწოდებ, იქნება მართლაც ყველაზე მნიშვნელოვანი. მე ვიყავი თქვენს ადგილზე და ვიცი ეს განცდა, ეს ემოცია და ჩემს თავს პირველ ამოცანად ამას ვუსვამ – შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც თითოეული ახალგაზრდა შეძლებს საკუთარი თავის რეალიზებას. თუ ჩვენ ამას შევძლებთ, საქართველო იქნება წარმატებული,” – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა სამშობლოს გვერდით დგომისთვის და იმისთვის, რომ ყველაფერს აკეთებენ, რათა საქართველო ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან მაღალ დონეზე იყოს წარმოდგენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები