LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ფეხსაცმელი ადგილობრივი წარმოების ტყავით შეიკერება – Rainbow ფართოვდება

3052

ქართული ფეხსაცმელი უახლოეს პერიოდში ადგილობრივი წარმოების ნატურალური ტყავით შეიკერება. ფეხსაცმლის მწარმოებელი შპს Rainbow ფართოვდება.

კომპანიამ ქუთაისის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე შეიძინა ძველი ქარხნის შენობა, სადაც ტყავის წარმოების დაწყებას გეგმავს.

როგორც ”ფორტუნას” Rainbow-ს თანადამფუძნებელმა, დარეჯან ძინძიბაძემ განუცხადა, ტყავის მწარმოებელი ქარხნის გახსნა 2018 წელს იგეგმება.

”მოგეხსენებათ, ამ ეტაპზე Rainbow-ს ფეხსაცმელებს თურქეთიდან და იტალიიდან იმპორტირებული, ნატურალური ტყავით ვკერავთ. იმისთვის, რომ ჩვენი პროდუქციის ღირებულება გაიაფდეს, საჭიროა იმპორტირებული ნედლეულის ადგილობრივით ჩანაცვლება. სწორედ ამ მიზნით გადავწყვიტეთ ტყავის მწარმოებელი ქარხნის მოწყობა, რომელიც თუ რამემ ხელი არ შეგვიშალა, მიმდინარე წელსვე გაიხსნება”, – აღნიშნა დარეჯან ძინძიბაძემ.

მისივე ინფორმაციით, Rainbow-ს ნატურალური ტყავის ფეხსაცმელს, იმპორტირებულისგან დაბალი ფასი გამოარჩევს. ”ხარისხობრივად ჩვენი ფეხსაცმელი მაღალხარისხიანი თურქული და ევროპული ფეხსაცმლის იდენტურია. ფასები კი, ვფიქრობთ, გაცილებით დაბალი. Rainbow-ს ფეხსაცმელის ღირებულება 60 ლარიდან იწყება”, – განმარტა კომპანიის თანადამფუძნებელმა.

როგორც დარეჯან ძინძიბაძე ამბობს, ნატურალური ტყავის ქართული ფეხსაცმელი საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ქალაქში, Rainbow-ს მაღაზიებშივე იყიდება. მათ შორის: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, საჩხერეში… ამასთან, სამომავლოდ ექსპორტზე გასვლაც განიხილება.

ცნობისთვის, ფეხსაცმლის საწარმო Rainbow („ცისარტყელა“) 1991 წელს შეიქმნა ქუთაისში. მისი ძირითადი საქმიანობა ქალისა და მამაკაცის ფეხსაცმლის წარმოებაა. Rainbow-ს პროდუქცია მზადდება მხოლოდ ნატურალური მასალების გამოყენებით. იქმნება ყველა სტილის ფეხსაცმელი : კლასიკური , თანამედროვე, სპორტული  და ყოველდღიური. საწარმოში მუდმივად მიმდინარეობს ტექნოლოგიური პროცესების დახვეწა. ქარხანაში, რომელიც აღჭურვილია უახლესი, ევროპული დანადგარებით, ამ ეტაპზე 15 ადამიანია დასაქმებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები