LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ფილმები კარლოვი ვარის კინოფესტივალს იპყრობს

87

სულ მალე ჩეხეთი კარლოვი ვარის კინოფესტივალს უმასპინძლებს, სადაც საკონკურსო პროგრამებში 2 ქართული სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი იქნება წარმოდგენილი.

ფესტივალის მთავარ კონკურსშია გიორგი ოვაშვილის ახალი ფილმი „ხიბულა”, რომელიც მშობლიური ქვეყნის მიუვალ მთებში გახიზნული პრეზიდენტის შესახებ მოგვითხრობს. პრეზიდენტი ძალაუფლების დაბრუნებას ცდილობს, თუმცა უხილავი მდევარი აიძულებს მას, თვითონ აირჩიოს გზა საკუთარი დასასრულისკენ. “ხიბულას” სცენარს საფუძვლად უდევს 1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ქვეყანაში განვითარებული რეალური მოვლენები.

გიორგი ოვაშვილი კარლოვი ვარის კინოფესტივალზე 2014 წელსაც მონაწილეობდა. მისმა ფილმმა „სიმინდის კუნძული” კინოფესტივალის გრან პრი აიღო, მოგვიანებით კი თავად რეჟისორი კინოფესივალის ჟიურის წევრად მიიწვიეს.

კარლოვი ვარის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში East of the West წარმოდგენილი კიდევ ერთი ქართული ფილმი ახალგაზრდა რეჟისორს, მარიამ ხაჭვანს ეკუთვნის. „დედე” რეჟისორისთვის პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია. იგი სვან გოგონაზე მოგვითხრობს, რომელიც სიყვარულისთვის იბრძვის და იმარჯვებს.

„დედეს” გადაღებები სვანეთში, ყაზბეგსა და კასპში მიმდინარეობდა. ფილმის უმეტესი ნაწილი სვანურ ენაზეა, ასევე სვანია ფილმის ყველა მსახიობი.

სექციაში “ჰორიზონტი” ნაჩვენები იქნება ნანა ექვთიმიშვილის და სიმონ გროსის ახალი ფილმი “ჩემი ბედნიერი ოჯახი”. ოჯახური დრამა აგრძელებს წარმატებულ საფესტივალო გზას სანდენსზე პრემიერის შემდეგ.

ასევე ჩეხეთში ნახავენ ბოლო წლის წარმატებულ დოკუმენტურ ფილმს – რატი ონელის “მზის ქალაქი” სექციაში “სხვა ხედვა” იქნება წარმოდგენილი. ფილმმა არაერთი წარმატება მოიპოვა ამ წლის პრესტიჟულ ფესტივალზე. ნაჩვენები იყო ბერლინალეზეც.

ამას გარდა, EFP (European Film Promotion) 10 ყველაზე იმედისმომცემ ახალგაზრდა რეჟისორს Future Frames ფარგლებში კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე წარადგენს.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან შერჩეულ 10 რეჟისორს შორის მოხვდა საქართველოს წარმომადგენელი გიორგი მუხაძე, რომელიც ფესტივალზე ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით მიიღებს მონაწილეობას.

მისი სადიპლომო ფილმი „ანას მოლოდინში” 2 დედმამიშვილის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც ცდილობენ აღადგინონ კონტაქტი დედის გარდაცვალების შემდეგ.

კარლოვი ვარის კინოფესტივალი უმაღლესი, A კლასის კინოფესტივალების კატეგორიას მიეკუთვნება, რომელსაც ყოველწლიურად 1500 სტუმარი ესწრება, მათ შორის მსოფლიო კინოინდუსტრიის ცნობილი და გავლენიანი წარმომადგენლები.

ფესტივალი ჩეხეთში 30 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები