LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ღვინო OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში შევა

149

„ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის“ (OIV) სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში ქართული ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინის შეტანის საკითხი, განხილვის შემდეგ ეტაპზე გადავიდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პრეზენტაცია ქართული ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინის შესახებ პარიზში, OIV-ის ოფისში ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი სამანიშვილმა წარადგინა.

უწყების ინფორმაციით, OIV-ის სამუშაო ჯგუფში გამართული მსჯელობის შემდეგ, აღნიშნულმა საკითხმა სამუშაო ჯგუფის მხარდაჭერა მოიპოვა და განხილვის შემდეგ ეტაპზე გადავიდა. პროცედურების შესაბამისად, მიმდინარე წლის შემოდგომაზე OIV-ის გენერალურ ასამბლეაზე, აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე საკითხის მორიგი განხილვა გაიმართება. საფრანგეთში ვიზიტის დროს გიორგი სამანიშვილმა ასევე შეხვედრები გამართა OIV-ის გენერალური დირექტორობის კანდიდატებთან, რომელთაც ქართული დელეგაციის წევრებს სამოქმედო პროგრამა გააცნეს.

„2017 წელს ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციამ (OIV) დაჩქარებული წესით განხილვაში მიიღო ქართული მხარის წინადადება, რომ ქართული ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინო, ანუ ჭაჭაზე დადუღებული ღვინო (ქარვისფერი ღვინო), OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში შევიდეს. ამჟამად OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში სულ 7 ღვინოა – შუშხუნა, ცქრიალა, შემაგრებული, ლიქიორული, ბუნებრივად ტკბილი ღვინოები, „აისვაინი“ და აპკის ქვეშ დავარგებული ღვინო (ხერესის ტიპი). შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, ქართული ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინო OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში მერვე იქნება. ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის ასამაღლებლად მთელს მსოფლიოში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები