LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული კინო ქუთაისს უბრუნდება

227
600X300-new-01

16-19 ნოემბერს ქუთაისი ქართული კინოს ფორუმს უმასპინძლებს, სადაც კინოფორუმის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ნახონ ის ქართული ფილმები, რომლებიც სულ ახლახანს დასრულდა და ჯერ ეკრანებზე არ გამოსულა. ნაჩვენები იქნება, როგორც მხატვრული და დოკუმენტური ფილმები, ასევე მოკლემეტრაჟიანი ფილმების სპეციალური პროგრამა და ანიმაცია.

რამდენიმე დღის მანძილზე ქუთაისი კინომოყვარულთათვის ნამდილი ეპიცენტრი იქნება, რადგან იქ თავს მოიყრიან ცნობილი ქართველი რეჟისორები, მსახიობები, პროდიუსერები, კინომცოდნეები და მედიის წარმომადგენლები. ასევე, კინოფორუმის ფარგლებში ევროკავშირის პროგრამა „შემოქმედებითი ევროპის წარმომადგენლობა საქართველოში” კინოკრიტიკოსებითვის და კინობლოგერებისთვის ვორქშოპს გამართავს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც კინოფორუმზე მოხდება, საქართველოში პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის „თეთრი ხიდი” დაარსების დაანონსებაა, რომელიც 2019 წლიდან, ყოველწლიურად ქუთაისში გაიმართება. ახალი ფესტივალის შესახებ ცნობილი ქართველი მწერალი, თეატრისა და კინოს რეჟისორი და არაერთი ლეგენდარული ქართული ფილმის სცენარის ავტორი, ქუთაისში დაბადებული და ამ ქალაქის გულშემატკივარი – რეზო გაბრიაძე ვიდეო მიმართვის საშუალებით ისაუბრებს. ქუთაისის კინოფორუმი სწორედ რეზო გაბრიაძის შესახებ გადაღებული ანიმაციურ-დოკუმენტური ფილმით „ჰარი, ჰარალე, დედაო!” გაიხსნება.

წელს ქართული კინო 110 წლის იუბილეს აღნიშნავს და მისი დაბადება სწორედ ქუთაისს უკავშირდება. ქუთაისელმა რეჟისორმა ვასილ ამაშუკელმა ფილმების შექმნა ბაქოში 1908 წელს დაიწყო. სამწუხაროდ ეს ფილმები შემორჩენილი არ არის, თუმცა ცნობილია მათი სახელები და ქრონომეტრაჟი, რის გამოც ქართული კინოს ათვლის წერტილად 1908 წელი ითვლება. მოგვიანებით, 1912 წელს ვასილ ამაშუკელმა პირველი ქართული დოკუმენტური ფილმი „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში” გადაიღო, რომელიც ქართული კინოს საეტაპო და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნამუშევარია.

ქუთაისის კინოფორუმს ეროვნული კინოცენტრი ქუთაისის მერიასთან თანამშრომლობით წარმოადგენს. ორგანიზაციებს შორის მემორანდუმი სულ ახლახანს გაფორმდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები