LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული კომპანიები საკუთარ რეკლამას ბაქოში განათავსებენ

106

კომპანია  WiFisher-ი ქართულ კომპანიებს ბაქოში რეკლამის განთავსებაში დაეხმარება.

როგორც ”ფორტუნას” WiFisher-ის დამფუძნებელმა ნოდარ ივანიძემ განუცხადა,  ამ ეტაპზე აზერბაიჯანის დედაქალაქით სასტუმრო Biltmore Hotel Tbilisi და კომპანია ”ბორჯომი” არიან დაინტერესებულნი.

”მიმდინარეობს მოლაპარაკებები ამ 2 კომპანიასთან და მათი მოთხოვნიდან გამომდინარე, რამდენ წერტილზეც იქნება დაკვეთა, იმდენგან განთავსდება WiFisher-ის ინოვაციური სისტემა. ამის შემდგომ კი ვეცდებით, ადგილობრივი, აზერბაიჯანული კომპანიებიც დავაინტერესოთ ჩვენი მომსახურებით”, – აღნიშნა ივანიძემ.

მისივე ინფორმაციით, მეზობელ ქვეყნებში- აზერბაიჯანსა და სომხეთში,  რეკლამის განთავსება ქართული კომპანიებისთვის გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე ადგილობრივად.  ”ვცდილობთ, ქართულ კომპანიებს ხელი შევუწყოთ,  რომ საკუთარი პროდუქციის ცნობადობა გაზარდონ იმ ქვეყნებში, სადაც ექსპორტზე გადიან. მაგალითად, თუ საქართველოში 1 წერტილზე რეკლამის განთავსება 200 დოლარი ჯდება, სომხეთსა და აზერბაიჯანში ერთი ლოკაცია 100 დოლარი ღირს”, – განმარტა WiFisher-ის დამფუძნებელმა.

მისივე თქმით, ერევნაში რეკლამის განთავსებით ამ დროისთვის ”ავერისის კლინიკაა” დაინტერესებული, რათა მეზობელი ქვეყნის მოსახლეობა საკუთარი სერვისით მოიზიდოს.

ცნობისთვის, WiFisher  ერთი წლის წინ შეიქმნა კომპანიებისთვის ახალი, საინტერესო და საქართველოს ბაზრისთვის ინოვაციური სარეკლამო ხაზის შეთავაზებისთვის. კომპანია კაფეებში, რესტორნებში, ბარებში, კლუბებსა და ელოქტრონული მუსიკის ფესტივალებზე აყენებს თავის უკაბელო ინტერნეტის აპარატურას, რის შემდეგაც კომპანიებს შესაძლებლობა ეძლევათ ინტერნეტით განათავსონ WiFi  რეკლამა მოცემულ ობიექტებში. სტრუქტურა საკმაოდ მარტივია – მომხმარებელი სანამ დაუკავშირდება ინტერნეტს, მობილური ტელეფონის ან „ლეპტოპის“ეკრანზე ეხსნება სარეკლამო სტატიკური ბანერი, ანიმაცია ან ვიდეო.

ამ ეტაპზე საქართველოში WiFisher-ის ინოვაციური სერვისი 105  ლოკაციაზეა დანერგილი, ერევანში კი 15 ობიექტზეა წარმოდგენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები