LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ოცნების“ შემთხვევაში მცირე მთავრობის ხედვა კომიკურია

97

სამწუხაროდ, დღეს ჩვენს პარლამენტში არის ისეთი უმრავლესობა, რომელიც ვიცით, რომ ნდობას გამოგიცხადებთ თქვენ, უფრო სწორად ივანიშვილის არჩევანს, – ეს განცხადება საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიგა ბოკერიამ უმცირესობის სხდომაზე გააკეთა, სადაც პრემიერმინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

„დღეს კიდევ ერთი ძალიან მძიმე და ცუდი დღეა პარლამენტარიზმისთვის, ანგარიშვალდებულების ინსტიტუტისთვის. ისედაც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ბოლო წლებია. ჩვენ გვაქვს არანორმალური ვითარება, როცა ამ პოლიტიკური მასკარადის შემდეგ, ვგულისხმობ UNICEF-ის ეპოპეას და შემდეგ კვირიკაშვილის გადაყენებას ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, მოჰყვა ის, რომ დღეს თქვენ, ბატონო პრემიერმინისტრობის კანდიდატო, სთხოვთ პარლამენტს ნდობის გამოცხადებას ისე, რომ არ ეუბნებით მას, ვინ არის თქვენი გუნდი და ამბობთ, რომ ორ კვირაში იტყვით, ვინ არის თქვენი გუნდი. სამწუხაროდ, დღეს ჩვენს პარლამენტში არის ისეთი უმრავლესობა, რომელიც ვიცით, რომ ნდობას გამოგიცხადებთ თქვენ, უფრო სწორად ივანიშვილის არჩევანს. არც ვიცი კითხვა როგორ უნდა დაგისვათ, რადგან არც ველი არანაირ პასუხს,“ – მიმართა გიგა ბოკერიამ მამუკა ბახტაძე.

დეპუტატის შეფასებით, „ქართული ოცნების“ პირობებში მცირე მთავრობის ხედვა კომიკურია. „თუ ეს ხედვა გქონდათ, ე.წ. მცირე მთავრობის, რაც ჩემი აზრით, „ქართული ოცნების“ შემთხვევაში კომიკურია, ბიუროკრატიის, გადასახადების და ტვირთის ზრდის ფონზე, მაგრამ თუ ეს ხედვა გქონდათ, აქამდე სად იყავით? კვირიკაშვილი გიშლიდათ ხელს? არ ახორციელებდით ამას?“ – აღნიშნა ბოკერიამ.

გიგა ბოკერია ასევე დაინტერესდა, გადადგება თუ არა მამუკა ბახტაძე პრემიერმინისტრის პოსტიდან იმ შემთხვევაში, თუ ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ამას მოსთხოვს. „სულ ცოტა ხანში, ზეგ ან მაზეგ, ან სულაც 1 წელიწადში, ბატონი ივანიშვილი რომ მოვიდეს თქვენთან და გითხრათ, რომ ხვალ თქვენ უნდა გადადგეთ, როგორ მოიქცევით?“ – აღნიშნა ბოკერიამ.

პრემიერმინისტრობის კანდიდატმა საპარლამენტო უმცირესობის წევრს მოკლედ უპასუხა.

“ქართულ ოცნებას ყავს პოლიტიკური გუნდი, ამთ შორის ბიძინა ივანიშვილი და პოლიტიკური გუნდი მიიღებს ამის შესახებ გადაწყვეტილებას, ჩემთან ერთად. ძალიან მარტივია პასუხი,” – განმარტა ბახტაძემ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები