LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული რაგბის დიდების წელი (ვიდეო)

58

2016 წელი დასასრულს მიუახლოვდა. გადავხედოთ წლის საუკეთესო სარაგბო მომენტებს.

გავიხსენოთ 2016 წლის “რაგბი ევროპის” ჩემპიონატი.

გაზაფხულზე ბორჯღალოსნებმა:

• ზედიზედ მეექვსედ, სულ კი 14 გათამაშებაში მეცხრედ მოიპოვეს პირველობა;

• 17 სეზონში მე-11-ედ იმარჯვეს არაფორმალურ, ყოველწლიურ „უმცროს 6 ერზე“

• მეექვსედ შეასრულეს დიდი სლემი – ძლიეს ყველა მეტოქე;

• მეათედ დაესაკუთრნენ რუმინეთთან საცილო „ანთიმოზ ივერიელის“ თასს

წელს ტრადიციულად “რაგბი ევროპის” ჩემპიონატი თებერვალსა და მარტში გაიმართება. 2017 წელს 5 მატჩიდან შინ ორს ვთამაშობთ.

ასევე აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში თუ ტურნირის ყველა მატჩი შაბათობით იმართებოდა, გაისად თამაშები კვირასაც შედგება.

პირველ ტურში ბორჯღალოსნები 11 თებერვალს, გასვლაზე, ქვედა დივიზიონიდან ამოსულ ბელგიას ეთამაშებიან. 19 თებერვალს, წლის პირველ საშინაო მატჩში, საქართველოში გერმანიას ვუმასპინძლებთ.

შემდეგ ტურნირი ერთი კვირით შეისვენებს. წლის მესამე მატჩს ბორჯღალოსნები 4 მარტს, გასვლაზე ესპანეთს შეხვდებიან. 12 მარტს მეორე საშინაო მატჩში რუსეთს ვუმასპინძლებთ, ხოლო ტურნირის დამაგვირგვინებელ შეხვედრაში, ბორჯღალოსნები 19 მარტს რუმინეთს ესტუმრებიან.



18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი
2016 წლის ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს ეხება, რომელსაც ლისაბონმა მარტში უმასპინძლა.
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მეოთხედფინალში რუმინეთი 49-10, ხოლო ნახევარფინალში მასპინძელი პორტუგალია 29-10 დასცეს და ზედიზედ მეორედ გავიდნენ ფინალში, სადაც კვლავ საფრანგეთთან დამარცხდნენ.

ახალი წლიდან ძლიერი მეტოქეებით

2017 წლიდა 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი სახელს იცვლის და ელიტ-დივიზიონის ნაცვლად ღია პირველობა ხდება. 2017 წელს ევროპის ჩემპიონატის ღია ტურნირს 6-16 აპრილს საფრანგეთი უმასპინძლებს. მასში მონაწილეობას მიიღებენ საფრანგეთი, საქართველო, პორტუგალია, ბელგია, რუსეთი, იაპონია, კანადა და აშშ.

2016 წელი განსაკუთრებული იყო ქართული რაგბისთვის, რადგან უმცროსმა ბორჯღალოსნებმა პირველად ითამაშეს მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატში და სადებიუტო ტურნირში მე-10 ადგილი დაიკავეს.

მანჩესტერამდე ქართველი 20-წლამდელები სამკვირიან ტურნეზე იმყოფებოდნენ სამხრეთ ამერიკაში, სადაც არგენტინასთან და ურუგვაისთან ორ-ორი თამაში გამართეს.

2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის უმცროსი ბორჯღალოსნები სამ თვეზე მეტია ემზადებიან. იანვარში 20-წლამდელები დიდი 10-ის კლუბებთან სამ თამაშს გამართავენ, ხოლო აპრილის ბოლოს საქართველოს სამხრეთ აფრიკული, ვესტერნ პროვინსის აკადემიის გუნდი ეწვევა და ქართველ ახალგაზრდებთან სამ თამაშს გამართავს.

მსოფლიო ჩემპიონატი თბილისსა და ქუთაისში გაიმართება და უმცროსი ბორჯღალოსნები არგენტინასთან, სამხრეთ აფრიკასთან და საფრანგეთთან ითამაშებენ.



წელს, პირველად ქართული რაგბის ისტორიაში ბორჯღალოსნები ივნისში ტესტ-მატჩების გასამართად წყნარი ოკეანის კუნძულებზე გაემგზავრნენ.
მილტონ ჰეიგის შეგირდები კუნძულებს “შესუსტებული” შემადგენლობით ეწვივნენ. მიუხედავად ამისა ჩვენმა გუნდმა პირველი თამაში, სამოას წინააღმდეგ, მაღალ დონეზე ჩაატარა – 19-19.
სამოადან ქართველებმა ფიჯიზე გადაინაცვლეს და სუვაში ტონგას შეხვდნენ. მეტოქე აქაც წინ იყო, თუმცა ბორჯღალოსნებმა მათთან ერთად კლიმატურ პირობებსაც სძლიეს და გაწითლებულ დროზე დადებული ლელოთი და ზუსტი გარდასახვით 23-20 იმარჯვეს.
ტურნეს დასკვნით მატჩში ქართველთა მეტოქე მასპინძელი ფიჯი იყო. ტაიმის 3-3 დასრულების შემდეგ, მეორე ნახევარში ქულები მხოლოდ ბორჯღალოსნებმა აგროვეს და 14-3 იმარჯვეს.
ამრიგად, წყნარი ოკეანის ისტორიული ტურნე ბორჯღალოსნებმა 2 მოგებით და ერთი ფრით დაასრულეს. შედეგად, პირველად ქართული რაგბის ისტორიაში ის მსოფლიოს რეიტინგში მე-11 ადგილზე აღზევდა და ეს პოზიცია ნოემბრამდე შეინარჩუნა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები