LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული საწარმო „კაპაროლს“, „კნაუფსა“ და „ჰენკელს“ მოამარაგებს

278

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა შპს „ქართული მინერალური მასალების“ ქვიშისა და კირქვის გადამამუშავებელი საწარმო გახსნა.

საიმინისტროს ინფორმაციით, საწარმო პირველ ეტაპზე 60, ხოლო უახლოეს პერიოდში 400-ზე მეტ ადამიანს დაასაქმებს. კომპანიამ „ქართული მინერალური მასალები“ საწარმოში 7 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. ქუმსიშვილის განცხადებით, კომპანიას სამომავლოდ დაგეგმილი აქვს ნედლეულის მომპოვებელი და გადამამუშავებელი საწარმოების დიდი გაერთიანების შექმნა.

„ამ საწარმოს გახსნა და მისი წარმატებით ფუნქციონირება კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რამდენად მდიდარია საქართველო სასარგებლო წიაღისეულით, მათ შორის ისეთი რესურსებით, როგორც არის კვარციანი ქვიშები, კირქვა და სხვა სამშენებლო მასალები. აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის რესურსებზე მოთხოვნა უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვნად გაზრდილია. შესაბამისად, ჩვენ დავიწყეთ წიაღის მართვის რეფორმა, რომლის ფარგლებში ვგეგმავთ განვავითაროთ მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი ნედლეულის მოპოვება/გადამუშავებას საქართველოს ტერიტორიაზე და პოზიტიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნედლეულის მოპოვება მოხდება ზემო იმერეთსა და რაჭაში, რაც კიდევ უფრო გაზრდის რეგიონის ეკონომიკურ აქტივობას.

გადამუშავებული ნედლეულით „ქართული მინერალური მასალები“ მოამარაგებს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა „კაპაროლი“, „კნაუფი“, „ჰენკელი“ და ა.შ. შესაბამისად, ასეთი კომპანიები უკვე საქართველოში ნაწარმოები ხარისხიანი მასალის გამოყენებით შექმნიან საბოლოო პროდუქტებს წებო-ცემენტების, ბათქაშებისა და სხვა მშრალი სამშენებლო ნარევების სახით. კომპანია პირველივე ეტაპზე შეძლებს წლიურად 50 000 ტონა ნედლეულის წარმოებას და ეს ციფრი შემდგომში გასამმაგდება.

„ეს ნიშნავს, რომ წებო-ცემენტის მწარმოებლებს მიეცემათ შანსი გამოიყენონ ქართული, ხარისხიანი ნედლეული, რაც შექმნის საფუძველს, რომ საქართველოსთვის საჭირო წებო-ცემენტის იმპორტი ჩანაცვლდეს ადგილობრივად ნაწარმოები, მაღალხარისხიანი პროდუქციით“, – განაცხადა საწარმოს გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას დიმიტრი ქუმსიშვილმა.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია მოხდეს წიაღისეული რესურსებით კერძო სექტორის დაინტერესება, ამისთვის კი აუცილებელია, რომ გეოლოგიური ინფორმაცია, რომელიც აქვს სახელმწიფოს სხვადასხვა ტიპის საბადოებთან დაკავშირებით, იყოს ხელმისაწვდომი დაინტერესებული პირებისათვის, რათა გაიზარდოს ლიცენზიის გაცემაზე მომართვიანობა და შესაბამისად, სახელმწიფომ შეძლოს ერთი მხრივ, განკარგოს მის საკუთრებაში არსებული რესურსი, გახადოს საინტერესო და მიმზიდველი კერძო სექტორისათვის და მეორე მხრივ, უზრუნველყოს წიაღის რაციონალური სარგებლობა.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის თებერვლის თვიდან გაუქმდა ფასიანი მომსახურება გეოლოგიურ ინფორმაციის მიღებაზე. შესაბამისად, დაინტერესებულ პირებს ყოველგვარი საფასურის გადახდის გარეშე შეუძლიათ მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია საქართველოში არსებულ სასარგებლო წიაღისეულის შესახებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები