LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული სუპერმარკეტების ხრიკები – როგორ ვებმებით მახეში

სუპერმარკეტში პურისა და შაქრის საყიდლად შესული, თუ შინ სკეიტბორდით და სათხილამურო ხელთათმანით ბრუნდებით, თქვენი ბრალი სულაც არ არის. მთავარი დამნაშავე ის მარკეტინგული ხრიკებია, რომლებსაც სავაჭრო ცენტრები მომხმარებელზე ზემოქმედების მიზნით იყენებენ. მარკეტინგის სპეციალისტები და გაყიდვების მენეჯერები მყიდველის მოსაზიდად კარგად შემუშავებული და აპრობირებული მეთოდოლოგიით მოქმედებენ. მათ შორის ერთ-ერთი მიმართულება ე.წ „ფლეისმენთია“.


პური ბოლოში, ხელს გააყოლე და ახალი პროდუქტი უკან

არასდროს დაკვირვებიხართ, რატომ დევს ყველაზე საჭირო ნივთები თუ პროდუქტი სუპერმარკეტის ბოლოში?! მაგალითად, პური, რძის ნაწარმი. პასუხი მარტივია – ამ პროდუქტებზე შესულს მთელი მარკეტის გავლა გიწევთ, თვალში სხვა პროდუქტებიც გხვდებათ და „შემოგეყიდებათ“.

სპონტანურად შეძენის პრინციპზე დაფუძნებული მეორე “ხრიკიც”, რომელსაც “ხელს გააყოლესაც” ეძახიან. წვრილმანი ნივთები – საღეჭი რეზინი, შოკოლადი  და ა.შ., სალაროსთანაა განლაგებული, მორჩენილი ხურდებით, მართლაცდა ხელს რომ გააყოლოთ. თუ გგონიათ, რომ კონკრეტული ბრენდის პროდუქცია სალაროსთან  შემთხვევითი პრინციპით არის დალაგებული, ძალიან ცდებით, ამაში კონკრეტული კომპანიები მარკეტს საკმაოდ სოლიდურ თანხას უხდიან. 

დახლებზე პროდუქციის განლაგება სუპერმარკეტებში „ცალკე მეცნიერებაა“. ხანგრძლივვადიან პროდუქტებს მუდმივად უცვლიან ადგილს, დაძველების განცდა რომ არ შეგექმნათ. მოკლევადიანი პროდუქტები კი ყოველთვის წინა რიგებში დევს. თუ მაწვნის ქილას ორ რიგის  შემდეგ აიღებთ, გაცილებით ახალი და გრძელვადიანი პროდუქტი შეგხვდებათ.

 

სავაჭრო ურიკა –  არასდროს გიფიქრიათ, რატომ არის სავაჭრო ურიკა სტანდარტული ზომის თითქმის ყველა ქსელურ მარკეტში და არა მარტო საქართველოში? ურიკის ზომა ადამიანის ფსიქოლოგიაზე კარგადაა მორგებული. თუ დიდი ურიკას ნახევრად ცარიელს დაატარებთ, უკმარისობის განცდა გეუფლებათ და მის შევსებას ცდილობთ.

ფერადი ფასების აბრა – სუპერმარკეტში შესულს შეუძლებელია, თვალში არ მოგხვდეთ წითელ ან ყვითელ აბრებზე დიდი ზომის ფასმაჩვენებლები, რაც სულაც არ ნიშნავს, რომ კონკრეტულ პროდუქტზე ფასდაკლებაა გამოცხადებული. უბრალოდ, წითელი ფირნიშები მომხმარებლის გონებას ისე იზიდავს, როგორც როდეოზე ხარს წითელი ალამი.

იყიდე ორი ერთის ფასად – სხვადასხვა ტიპის აქციები ძველი ან მოკლევადიანი პროდუქტების ამოყიდვის საუკეთესო საშუალებაა. თუკი სარეცხი საშუალების შეძენას დღეს არ აპირებდით და ერთდროულად ორი იყიდეთ, ეს გაყიდვების მენეჯერის მოხერხებულობის შედეგია. დააკვირდით, მეორე, სასაჩუქრე პროდუქტს ვადა ხომ არ გასდის.


აქცია დასრულდა

გარდა ფსიქოლოგიაზე მორგებული მარკეტინგული ხრიკებისა, ქართული სუპერმარკეტები პროდუქციის გაყიდვის არაკეთილსინდისიერ გზებსაც მიმართავენ.  

ალბათ, ერთხელ მაინც გქონიათ შემთხვევა, როცა სალაროსთან მისულს სხვა ფასი გადაგიხდიათ, ვიდრე მითითებული იყო. ამ დროს კონსულტანტი სტანდარტულად გპასუხობთ, რომ ფასის შეცვლა ვერ მოესწრო ან აქცია დასრულდა. როგორც წესი, 20-30 თეთრიანი სხვაობის გამო, შერჩეულ პროდუქტს არავინ აბრუნებს და სუპერმარკეტი ამით სარგებლობს.


როგორ მოვიქცეთ

დაბოლოს, როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, პურის საყიდლად წასული სკეიტბორდით რომ არ დაბრუნდეთ, კარგად აპრობირებულ მარკეტინგული ხრიკებს ასევე კარგად აპრობირებული მომხმარებელთა ხრიკები უნდა დავუპირისპიროთ.

რჩევა  N1 – მაღაზიებში საყიდლებზე წასულმა საჭირო პროდუქტები წინასწარ მოინიშნეთ და სია თან წაიღეთ. ამით  ნივთების სპონტანურად შეძენის რისკს შეამცირებთ.

რჩევა N2  – თუ თქვენ  მხარჯველთა რიცხვს მიეკუთვნებით, პლასტიკური ბარათით სიარული სახიფათოა. ეცადეთ, საყიდლებზე დაახლოებით იმდენი თანხა წაიღოთ, რაც კონკრეტული პროდუქტისთვის გჭირდებათ. ამით ზედმეტი ხარჯებისა და ფინანსური კრიზისისგან დაიცავთ თავს.

 

 

თამუნა გოგუაძე 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები