LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულმა ქვევრის ღვინომ OIV–ის მაგისტრანტები მოხიბლა

124

ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) ღვინის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები ქართული ღვინის კულტურასა და თანამედროვე მეღვინეობას  შეისწავლიან.

18 კაციანი ჯგუფი საქართველოს მიმდინარე კვირაში სტუმრობს. გაცნობითი ტურის ფარგლებში მაგისტრანტები ეწვიენ კახეთს, სადაც მოინახულეს ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები, გაეცნენ ქვევრის დამზადების ტექნოლოგიას, დააგემოვნეს სხვადასხვა დასახელების ქართული ღვინოები. თბილისში დაათვალიერეს ღვინის ეროვნული სააგენტოს მუზეუმი, სადაც მათთვის ქართული ღვინის კულტურის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა აღნიშნა OIV-ის მაგისტრანტები უკვე მეორე წელია სტუმრობენ საქართველოს.

„ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლის ოფისიც  პარიზში მდებარეობს, აქვს სამაგისტრო პროგრამა, რომლის სტუდენტებიც სხვადასხვა ქვეყნის მეღვინეობის დარგს ეცნობიან. უკვე მეორე წელია პროგრამაში საქართველოცაა და აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენლები ადგილზე ეცნობიან საქართველოს მეღვინეობა-მევენახეობის დარგს, მის ისტორიას, კულტურასა და განსაკუთრებულობას“ – განაცხადა გიორგი სამანიშვილმა.

 

სტუმრებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება სწორედ ქვევრის ღვინის დაგემოვნებამ და დამზადების ტექნოლოგიამ მოახდინა.

„ვიდრე საქართველოს OIV-ის ეგიდით ვესტუმრებოდით, მის შესახებ გარკვეული ინფორმაცია გვქონდა, თუმცა ვიზიტის შედეგად შთაბეჭდილებებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ქართული ღვინის ისტორია, ტრადიციები, განსაკუთრებით ქვევრის ღვინო, ასევე ზოგადად ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობა, კულტურა და ქართული სიმღერა. განსაკუთრებით შთამბეჭდავია, თუ როგორ ერწყმის ისტორია და თანამედროვეობა ერთმანეთს. ამ ყველაფრის შესახებ ბევრ ქვეყანაში არ ფლობენ სრულყოფილ ინფორმაციას“ – აღნიშნა ჯგუფის ხელმძღვანელმა სანდრა კომბატმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები