LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველები ევროპაში უფასო WiFi-ის დანერგავენ – WiFisher ლიტვაში წარმომადგენლობას ხსნის

256

ქართული ინოვაციური მომსახურება ევროპის ქვეყნებში დაინერგება. შპს WiFisher-ი საკუთარი საქმიანობის გაფართოებასა და სხვადასხვა ქვეყნების ათვისებას გეგმავს. როგორც ”ფორტუნას” კომპანიის დამფუძნებელმა ნოდარ ივანიძემ განუცხადა, ამ ეტაპზე შეთანხმება მიღწეულია ლიტვასთან, სადაც კომპანია საკუთარ წარმომადგენლობას გახსნის.

”ვაწარმოეთ ბაზრის კვლევა ლიტვაში და აღმოჩნდა, რომ ჩვენი პროფილის კომპანია იქ არ არის, შესაბამისად, კონკურენტები არ გვყავს. უკვე მომდევნო კვირიდან გამოვაცხადებთ ლიტვაში ვაკანსიებს და იქ ადგილობრივ წარმომადგენლობას გავხსნით”, – აღნიშნა ივანიძემ.

მისივე ინფორმაციით, ამიერიდან უკვე ლიტველებსაც შეეძლებათ WiFisher-ის ინოვაციური სარეკლამო ხაზით სარგებლობა. ”თავდაპირველად, ვაპირებთ 30 ლოკაციის ათვისებას, სადაც ჩვენს უკაბელო ინტერნეტ აპარატურას დავაყენებთ, რის შემდეგაც კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, ინტერნეტით განათავსონ WiFi რეკლამა მოცემულ ობიექტებში. ყოველ მომდევნო თვეში კი ვეცდებით დამატებით 30-30 ლოკაცია ავითვისოთ”, – განმარტა კომპანიის დამფუძნებელმა.

მისივე თქმით, ქართული ინოვაციური სერვისის დანერგვა იგეგმება ლატვიასა და ესტონეთშიც. ”ვგეგმავთ, ეტაპობრივად მთლიანად ევროპის კონტინენტი ავითვისოთ”, – ამბობს ნოდარ ივანიძე.

შეგახსენებთ, WiFisher 2015 წელს შეიქმნა კომპანიებისთვის ახალი, საინტერესო და საქართველოს ბაზრისთვის ინოვაციური სარეკლამო ხაზის შეთავაზებისთვის. კომპანია კაფეებში, რესტორნებში, ბარებში, კლუბებსა და ელოქტრონული მუსიკის ფესტივალებზე აყენებს თავის უკაბელო ინტერნეტის აპარატურას, რის შემდეგაც კომპანიებს შესაძლებლობა ეძლევათ ინტერნეტით განათავსონ WiFi რეკლამა მოცემულ ობიექტებში. სტრუქტურა საკმაოდ მარტივია – მომხმარებელი სანამ დაუკავშირდება ინტერნეტს, მობილური ტელეფონის ან „ლეპტოპის“ ეკრანზე ეხსნება სარეკლამო სტატიკური ბანერი, ანიმაცია ან ვიდეო. ამ ეტაპზე WiFisher-ის მომსახურება საქართველოში 170 ლოკაციაზეა დანერგილი. ამასთან, კომპანია მეზობელ აზერბაიჯანსა და სომხეთშიც შევიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები