LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი ახალგაზრდები აშშ-ში მიდიან: რობოტიკა გლობალური პრობლემების გადაჭრაში ერთვება

137

16-18 ივლისს ვაშინგტონში First Global-ის საერთაშორისო შეჯიბრი გაიმართება, რომლიც მთავარი მიზანი ახალგაზრდების ინჟინერიით, ახალი ტექნოლოგიებით, მატემატიკით დაინტერესება და ლიდერთა იმ ახალი თაობის აღზრდაა, რომელიც სასურსათო და საინფორმაციო უსაფრთხოების, წყლის რესურსების დაცვის და სხვა სერიოზული გლობალური პრობლემების გადაჭრას შეძლებს.

ოლიმპიური სისტემით ორგანიზებულ ღონისძიებაში 15-18 წლის ნიჭიერი ახალგაზრდებით დაკომპლექტებული 160 ქვეყნის გუნდი მიიღებს მონაწილეობას. წელს შეჯიბაში, რომლის მთავარი თემა – მსოფლიოს სუფთა წყლით უზრუნველყოფაა, საქართველოს გუნდი „რობოტიკა“ წარმოადგენს.

„ძალიან მიხარია, რომ საქართველო ამგვარ ღონისძიებაში მონაწილეობს, რადგან ვფიქრობ, ინჟინარია მომავლის პროფესიაა და სწორედ ის დაგვეხმარება უამრავი პრობლემის გადაჭრაში“, – აღნიშნა გუნდის ერთ-ერთმა წევრმა ელენე ბახტაძემ, – „წელს გლობალური შეჯიბრის თემა დაბინძურებული წყალია, ჩვენი მიზანი კი, სწორედ ამ პრობლემის დაძლევაა ერთობლივი მუშაობით. შესაძლოა საქართველოსთვის ეს საკითხი ნაკლებად აქტუალურია, თუმცა, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სუფთა წყლით უზრუნველყოფა საკმაოდ პრობლემატურია“, – დაამატა ანდრია უფლისაშვილმა.

შეჯიბრისთვის მზადება და რობოტის დიზაინზე მუშაობა უკვე დაწყებულია, განსაკუთრებით მოტივირებული შვიდი ახალგაზრდა მენტორთან ერთად კი, შეერთებული შტატებში გაემგზავრება.

„თამაშის მოქმედება მოედანზეა გადატანილი, სადაც მდინარე მოედინება ბინძური და სუფთა ნაწილაკებით, ჩვენი ამოცანა კი, სპეციალური სენსორებით აღჭურვილი რობოტის დახმარებით, სუფთა ნაწილაკების ბინძურისგან განცალკევება და სხვადასხვა რეზერვუიარში გადანაწილებაა. აღსანიშნავია, რომ თამაშში მონაწილე ექვსი გუნდი ორ დიდ გუნდშია გაერთიანებული და ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს სწორედ ეს გუნდები ეჯიბრებიან ერთმანეთს, თუმცა, მთავარი მაინც ჩვენი კოლაბორაციაა, რადგან სწორედ თანამშრომლობა ფასდება ბონუს-ქულებით და რეალურად ჩვენ არა მოწინააღმდეგეები, არამედ პარტნიორები ვართ“, – აღნიშნა გივიკო დარჩიამ.