LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი მოჭადრაკეების ტრიუმფი ჩეხეთში: ნონა მსოფლიო ჩემპიონია

64

ქართული დელეგაციის ჰეგემონიით დასრულდა ჩეხეთის ქალაქ მარიანსკე-ლაზნეში გამართული რიგით 26-ე მსოფლიოს ჩემპიონატი სენიორ მოჭადრაკეთა შორის. ასპარეზობა ორ კატეგორიაში ჩატარდა: +50 წელი და +65 წლის ზემოთ, როგორც ქალთა, ასევე ვაჟთა შორის.

ლეგენდარულმა ნონა გაფრინდაშვილმა ზედიზედ მესამედ მოიპოვა (2014; 2015; 2016 წწ.) მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული სენიორ (+65წ.) მოჭადრაკეთა შორის! თუმცა, მანამდე 1995 და 2009 წლებში უკვე გახლდათ ანალოგიური ჩემპიონატის გამარჯვებული ვეტერან მოჭადრაკეთა შორის.

ასე რომ, ქართველმა ჩემპიონმა თავის 11 ოლიმპიურ ოქროს და ქალთა შორის 5-გზის ჩემპიონობას, 5-გზის სენიორთა შორის ჩემპიონობაც მიუმატა. ნონამ, ტურნირი მარცხის გარეშე განვლო და 9-დან 8 ქულით მიუწვდომელი აღმოჩნდა მეტოქეებისათვის. 6,5 ქულა დააგროვა და ბრინჯაოს მედალს დაეპატრონა, ასპარეზობის მეორე ქართველი მონაწილე, მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი (1998; 1999; 2003; 2010 წწ.) სენიორთა შორის თამარ ხმიადაშვილი.

dscn8700

50+წ. კატეგორიაში ვაჟთა შორის ბოლო ტურში პრინციპული გამარჯვებით მოიპოვა საქართველოს სახელით მოასპარეზე, საერთაშორისო დიდოსტატმა გიორგი ბაღათუროვმა! მან, 10-დან 9,5 ქულა დააგროვა და მთელი ქულით გაასწრო უახლოეს მდევარს. II-III ადგილები გაინაწილეს: ალექსანდრ რეპრინცევმა (უკრაინა) და საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვაჟთა შორის, მსოფლიოს ჩემპიონმა სენიორთა შორის (2014წ.) ზურაბ სტურუამ. შეჯიბრის მესამე ქართველმა მონაწილემ ვარლამ ვეფხვიშვილმა 6,5 ქულა დააგროვა.

dscn8720

50+წ. ქალთა შორის მონაწილეობდა საერთაშორისო ოსტატი ციალა ქასოშვილი. მის აქტივში 11-დან 7 ქულა და მე-7 ადგილია.

ამრიგად, მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს სახელით ასპარეზობდა 6 მოჭადრაკე და მათი მონაგარი 4 მედალია: 2 ოქრო და 2 ბრინჯაო!

dscn8707

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები