LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი მოსწავლეები ტაილანდში, მსოფლიო ოლიმპიადაზე გაემგზავრებიან

106

6 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით, ტაილანდში, ქიმიის 49-ე საერთაშორისო ოლიმპიადა ICHO გაიმართება. ოლიმპიადაში 80-მდე ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.  წელს ტურნირს  საქართველოს ეროვნული ნაკრებიც შეუერთდება.

საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრები  ოთხი წევრისგან შედგება და თითოეული მათგანი საქართველოს ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულებია. გუნდის სამი წევრი დავით რიჟინაშვილი, ლექსო ფიჩხაძე და ლევან გოჯიაშვილი, დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მოსწავლეა, ხოლო საბა თავდგირიძე კი კომაროვის სკოლიდანაა. ბიჭები უკვე ერთ კვირაზე მეტია აგრარული უნივერსიტეტის ბაზაზე ინტენსიურ მომზადებასა და მეცადინეობას გადიან. ოლიმპიელთა სასწავლო პროცესს საქართველოს წამყვანი სპეციალისტები: ელიზბარ ელიზბარაშვილი, ვახტანგ კურცხალია და თინათინ ბუთხუზი ხელმძღვანელობენ.

მიმდინარე წლის გაზაფხულზე გუნდმა უკვე იასპარეზა მენდელეევის სახელობის ქიმიის მსოფლიო ოლიმპიადაზე, რომელიც ქალაქ ასტანაში გაიმართა.  გუნდისთვის პირველი გასვლითი ტურნირი წარმატებული აღმოჩნდა.

ნაკრების ორი წევრი, დემირელის კოლეჯის მოსწავლე დათო რიჟინაშვილი და ლევან გოჯიაშვილი, ასევე წარმატებული და ნიჭიერი გამომგონებლები არიან. ათასწლეულის ინოვაციების კონკურსზე ახალგაზრდებმა „სმარტ ვოჩი“ წარადგინეს და საუკეთესო ათეულში და ფინალშიც მოხვდნენ.  გამომგონებლებს არაერთი გეგმა და მიზანი აქვთ ამ მიმართულებითაც.

ტაილანდის მსოფლიო ოლიმპიადაზეც ეროვნული ნაკრები უკვე მომავალ კვირას გაემგზავრება. მსგავსი ტიპის ტურნირში მონაწილეობა საქართველოს ნაკრებისთვის უკვე დიდი მიღწევაა, თუმცა ახალგაზრდებს მედლებისა და საუკეთესო შედეგების იმედით აქვთ.  საერთაშორისო ოლიმპიადაზე  გუნდს მსოფლიოს წამყვან ქიმიკოსებთან მოუწევთ შეჯიბრება.