LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი პიანისტი, რომელიც მსოფლიომ გაიცნო, თბილისში კონცერტს მართავს

110

3 აპრილს, ეროვნული მუსიკალური ცენტრისა და ნიკოლოზ რაჭველის ინიციატივით, საგაზაფხულო სიმფონიური სეზონის ფარგლებში, ოპერის სცენაზე სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, რომელსაც მირიან ხუხუნაიშვილი უდირიჟორებს, ახალგაზრდა პიანისტი, მარიამ ბაწაშვილი წარდგება. შესრულდება პიოტრ ჩაიკოვსკის კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის N1 B flat minor და აგრეთვე, ჩაიკოვსკის  სიმფონია N4 F minor.

 

მირიან ხუხუნაიშვილი 2012 წლიდან თანამშრომლობს სხვადასხვა ორკესტრთან და გუნდთან, მათ შორის: თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი და გუნდი, ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, თბილისის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი, საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრი – Georgian SinfoniettaThe Beethoven Academy Orchestra (პოლონეთი), The Rzeszow Philharmonic Orchestra, საქართველოს სახელმწიფო კაპელა და სხვა. თანამშრომლობს მსოფლიო რანგის მუსიკოსებთან: ელისო ვირსალაძე, პაატა ბურჭულაძე, ალექსანდრე ბუზლოვი, ნინო სურგულაძე.

3 აპრილს დაგეგმილი კონცერტის სოლისტმა მარიამ ბაწაშვილმა კი 23 წლის ასაკში მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. აი, რას წერს ქართველი პიანისტის  შესახებ გამოცემაში   SÜDDEUTSCHE ZEITUNG    კრიტიკოსი ეგბერტ ტოლლე –  „ათასი უძლიერესი მომენტი … ბაწაშვილი ქმნის მუქ პოეზიას, რომელიც ყოველთვის ბუნებრივია და ზუსტი…ჯადოსნური მომენტები ყოველთვის დაწყვილებულია თანმიმდევრულად, შეესატყვისება მის ვირტუოზულ სულს… მისი შესრულება გამოხატავს ობიექტურ სიბრძნეს“.

მარიამ ბაწაშვილმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ფრანც ლისტის მე-10 საფორტეპიანო კონკურსზე უტრეხტში 2014 წელს, სადაც მას მიანიჭეს პირველი პრემია, ჟიურის სპეციალური ჯილდო და ამასთანავე პრესის პრიზი. „გამარჯვებული ბაწაშვილი ყოველ მუსიკალურ ფრაზას რაღაც განსაკუთრებულ მოვლენად აქცევს”. ასე დაასათაურა მისდამი მიძღვნილი სტატია ჰოლანდიურმა გაზეთმა „NRC Handelsblad“, ხოლო საერთაშორისო ჟიურიმ მას „ჩამოყალიბებული ხელოვანი“ უწოდა, რომელსაც გააჩნია „შესრულების არაჩვეულებრივი ტექნიკა“ და „გულწრფელი ემოცია“.

ასეთი წარმატების შემდგომ მან გაამდიდრა საშემსრულებლო გამოცდილება წამყვან სიმფონიურ ორკესტრებთან, სოლოკონცერტები გამართა 30-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის: ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, ინდონეზიაში, ბრაზილიაში, აშშ-ში, სამხრეთ აფრიკაში, საფრანგეთში, ესპანეთში, ნორვეგიაში, ბალტიის ქვეყნებში, ბენელუქსში და გერმანიაში. იგი მრავალი საერთაშორისო ფესტივალის სტუმარი გახლდათ.

მარიამ ბაწაშვილს ევროპის საკონცერტო დარბაზის ორგანიზაციამ the European Concert Hall Organisation (ECHO) მიანიჭა 2016-2017 სეზონის „ამომავალი ვარსკვლავის“ წოდება და დაიგეგმა კონცერტები ყველაზე მნიშვნელოვან საკონცერტო დარბაზებში მთელი ევროპის მასშტაბით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები