LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი სტუდენტი Facebook-მა დაასაქმა

73

ქართველი სტუდენტი ლუკა ლომთაძე ყველაზე ცნობილი სოციალური ქსელის, Facebook-ის სათავო ოფისში  სტაჟირებას გაივლის.

ლუკა ფეისბუქმა 250 000 სტუდენტიდან საუკეთესო 300 სტუდენტს შორის შეარჩია და ზაფხულში მენლო პარკში, სილიკონ ველიზე მიიწვია სოფტვეარ დეველოპერად.

ეს პირველი შემთხვევაა როდესაც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ფეისბუქში დასაქმდა.

ლუკა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს კომპიუტერული ინჟინერიის მესამე კურსის სტუდენტია. 2017 წელს ის გაცვლითი ვიზიტით გაემგზავრა სან დიეგოში. კალიფორნიაში ჩასვლიდან მალევე გადაწყვიტა ფეისბუქის ყველაზე მოთხოვნად პროგრამაში მონაწილეობის მიღება. წარმატების მისაღწევად სათავო ოფისში ორი ტექნიკური გასაუბრება გაიარა, რომელშიც დეტალურად გამოცადეს მისი შესაძლებლობები პროგრამირების საოლიმპიადო ამოცანების ოპტიმალურ ამოხსნაში.

„ჯერ კიდევ მეხუთე კლასში დავწერე ჩემი პირველი კოდი და გადავწყვიტე, პროგრამისტი 

გამოვსულიყავი. იმ დროიდან მოყოლებული, უამრავ პროექტზე ვიმუშავე, რომელთა უმეტესობა ამჟამადაც აგრძელებს არსებობას. Facebook-ში მოხვედრა ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო და ვიცოდი, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მივაღწევდი დასახულ მიზანს“, -ამბობს ლუკა და იხსენებს ფეისბუქის რეკრუტერის ნათქვამს, რომ მენლო პარკში მარკ ცუკერბერგსაც შეხვდება. 

ყოველწლიურად ფეისბუქში 250 000 აპლიკაცია შედის სოფტვეარ დეველოპმენტის განხრით, საიდანაც სტატისტიკურად მხოლოდ 0.132%-ს იღებენ სტაჟირებაზე. ეს სირთულის დონით ერთერთი ყველაზე რთულად მისაღწევი წარმატებაა მსოფლიოში.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს დეკანის აზრით ლუკა სტუდეტური წარმატების შესანიშნავი მაგალითია.

„ჩვენი პროგრამის მიზანი საქართველოს ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაა. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ ვეხმარებით სტუდენტებს, რეალობად აქციონ საკუთარი ოცნებები მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დარგში. ლუკა ერთ-ერთია იმ მრავალი სტუდენტიდან, ვინც ამ შესაძლებლობის წყალობით მიაღწევს წარმატებას” – განაცხადა  კენ უოლშმა.