LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი ტაქსისტის ემოციური ისტორია: “კაცის სიკვდილამდე ცემა შემიძლია, მაგრამ ქუჩაში თხლე ვარ-მეთქი”

149

ჟურნალისტი ლია ტოკლიკიშვილი სოციალურ ქსელში, ქართველი ტაქსისტის ემოციურ ისტორიას ყვება.

როგორც ის წერს, სახლში მოხუცმა ტაქსისტმა მიიყვანა, რომელიც, როგორც გაირკვა მოკრივე იყო.

ტაქსიტს მოკრივის კარიერის შემდეგ, თანაგუნდელებმა რუსულ დაჯგუფებაში გაწევრიანება შესთავაზეს, თუმცა მან უარი თქვა და დღეს ამ პროფესიით ირჩენს თავს.

“მოკლედ, წუხელ გვიან წავედი სახლში. ტაქსი ვაკეში გავაჩერე და ვუთხარი: დიღმის მასივი, აღმაშენებლის ძეგლთან! მძღოლს რომ შევხედე, კი დავაპირე კარის მიხურვა და სხვა მანქანის დალოდება, მაგრამ მომერიდა, მოხუცი იყო. ერთხელ ინსულტიანმა მძღოლმა წამიყვანა სამსახურში, ხელი მანქანის საჭეზე უკანკალებდა. ტაქსებში დუღს მთელი ჩვენი ქვეყნის ამბები და ჩანან თავისთვის მყოფი უჩინარი ადამიანები. მაგრამ ახლა ამაზე არ ვწერ. წუხანდელი: მძღოლი უზომოდ ბევრს ლაპარაკობდა. არ ვუსმენდი. როცა ბევრს ლაპარაკობენ, ორი გამოსავალი მაქვს: ან არ ვუსმენ, ან უფრო მეტს მე ვლაპარაკობ, რომ გავანეიტრალო. წუხელ წაყრუება გადავწყვიტე და ინტერნეტში შევძვერი. უცებ მომესმა, რომ საინტერესო რამეებს ამბობდა. რა სოლნცევო? მოსკოვის კრიმინალური დაჯგუფება? – ვკითხე. ხო, ჩემი მეგობრები არიან, ბოქსიორები ( ასე ამბობდა და მეც “მოკრივეს” ხომ არ დავწერ), ხოდა, ძაან რომ გაჭირდა თბილისში, დამირეკეს, ჩამოდიო. ამ ბიჭებში ყველაზე მეტი გამარჯვება და საფეხური მქონდა. ჩემპიონობა არ მომცეს, რუსი გაუშვეს ჩემ წინ (გვარს მეუბნება, მაგრამ მე ვერ ვიმახსოვრებ), თორემ დანარჩენი… და ყვება დანარჩენს. მოხუცს ვუყურებ. ცხვირი მართლა გაბრტყელებული აქვს და ძლიერი ხელები უდევს საჭეზე. აგრძელებს: ბიჭები აეროპორტში დამხვდნენ და რესტორანში წამიყვანეს. დიდი ბანკეტი გამართეს ჩემთვის. საქმიანი წინადადებაც იქვე მომცეს, დაჯგუფების წევრი უნდა გავმხდარიყავი. სლუში, კაკოო, ტამ ვ ტბილისი, უ ვას დელო პლოხო. ზდეს ნე ტრუდნო დენგი ვირაბოტაწ. ვჭირდებოდი ბიჭებს. თბილისიდან რომ წავედი, სახლში პურიც კი არ ჰქონდათ ჩემებს. იცით, ქალბატონო, რამდენ ხანს ვიჯექი იმ საღამოს და ვფიქრობდი? ისინი დიდი ფულის პატრონები იყვნენ. რისკიც კი არ მიწევდა. მეც დიდ ფულს ვიშოვიდი. ბანკეტის ბოლოს ბიჭებს მადლობა გადავუხადე და ვუთხარი, ბიჭებო, ვერ დავჩები აქ, რინგზე კაცის სიკვდილამდე ცემა შემიძლია, მაგრამ ქუჩაში თხლე ვარ-მეთქი. მიცნობდნენ და კარგად მიხვდნენ, ამას რატომ ვამბობდი. ჩამეხუტნენ და ბრესტორნიდან პირდაპირ აეროპორტში წამომიყვანეს.. დამშვიდობებისას ჯიბეში კონვერტი ჩამიდეს, გზის ფულია, ჩვენგან გქონდეს, რომ შეწუხდი და ჩამოხვედიო. ხომ არ გავხსნიიდი. წამოვედი. გზაში ჩემს აჯანყებულ თავს ვეჩხუბებოდი: აბა, რა მინდოდა იქ. კაცს ვერ მოვკლავ, ვერ ვცემ ფულის გამო და სწორი ვქენი-მეთქი. კონვერტი სახლში ვნახე. 25 ათასი დოლარი ჩაუდვიათ. რამდენიმე წელი ვიცხოვრეთ ამ ფულით მე და ჩემმა ოჯახმა. ბიჭები ახლაც მეხმიანებიან და ისე იციან, რომ მე აქ ჩემი ბიზნესი და კარგი შემოსავალი მაქვს.რომ ვტაქსაობ, ამას ვერ წარმოიდგენენ. ტაქსით საღამოობით გამოვდივარ. 75 წლის ვარ. არ მინდა გულხელდაკრეფილი ვიყო, თორემ პენსია კარგი მაქვს. დღეში 20-25 ლარს ვშოულობ და ჩემს ქალთან მივდივარ ლილოში. შვილები ცალკე ცხოვრობენ.
აი, ამ კაცის ფანი ვარ. ტაქსი სახლიდან მოშორებით გავაჩერებინე, რომ სახლში ატირებული არ მივსულიყავი. როგორ არ ვთქვა, რომ წუხანდელის შემდეგ მშვიდი და ბედნიერი ვარ.
გვარიც ვიცი და სახელიც იმ კაცის, მაგრამ არ ვწერ, რომ ვუთხარი, ჟურნალისტი ვარ-მეთქი, ტუჩზე იკბინა და მივხვდი, თავისთვის ვხოვრების გაგრძელება ერჩივნა – თავის რინგზე, თავის ბრძოლებში”, – წერს ლია ტოკლიკიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები