LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველმა პიანისტმა გიორგი მიქაძემ აშშ-ში კიდევ ერთ პრესტიჟულ პროგრამაში გაიმარჯვა!..

32

ქართველმა პიანისტმა, გიორგი მიქაძემ, რომელმაც ბერკლის მუსიკალური კოლეჯი და მანჰეტენის მუსიკალური სკოლა დაამთავრა, კიდევ ერთ პრესტიჟულ პროგრამაში გაიმარჯვა. მუსიკოსმა ახლახან ჯაზის რეზიდენტურის გრანტი მოიპოვა, რომელიც ორგანიზაციამ „18th Street Arts Center“ დააარსა.

ზემოხსენებულ რეზიდენტურას ახალგაზრდა არტისტები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან სამი თვის განმავლობაში გადიან. ჯაზის პროგრამით არსებული ერთადერთი ადგილისთვის არჩევანი გიორგი მიქაძეზე გაკეთდა. გიორგი პირველი ქართველია, რომელიც ლოს-ანჯელესში საკუთარი იდეების განხორციელებისთვის მიიწვიეს.

ქართველი მუსიკოსისგან უკვე მივეჩვიეთ თამამ ექსპერიმენტებს. ნიუ-იორკში, ანსამბლ „ბასიანთან“ და ამერიკელ ჰიპ-ჰოპერ რეიდარ ელისსთან ერთად შექმნილი პროექტ „ვოისას“ შემდეგ, გიორგის ნოვატორული გეგმები ისევ ქართულ ფოლკლორს უკავშირდება.

პროექტის „Georgian Micro Jam“ ფარგლებში შექმნილი კომპოზიციები ლოს-ანჯელესის რამდენიმე საკონცერტო დარბაზში შესრულდება. გიორგიმ სინთეზური მუსიკის ახლებურად აჟღერებისთვის ლეგენდარული დევიდ ფუზინსკი და მონო ნეონი – პრინცის ბასისტი მიიწვია, რომლებიც მისი თქმით, მიკროტონალურ მუსიკას არაჩვეულებრივად ფლობენ.

ეს იქნება მულტიჟანრული პროექტი, ერთგვარი კულტურული კოლაბორაცია, რომელიც მიზნად ისახავს ქართული კულტურის განსხვავებულად წარმოჩენას საერთაშორისო მასშტაბით.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები