LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთა თოფურია საჯაროდ პირველად ატირდა – კულუარული ამბები „ვოისის“ დღევანდელი რინგიდან…

197

დღეს „იმედის“ ეთერში „ვოისი საქართველოს“ რინგების ბოლო რაუნდი გავა. ერთმანეთს, როგორც პროდიუსერი გვპირდება, საკმაოდ საინტერესო და ძლიერი კონკურსანტები დაუპირისპირდებიან. ბოლო რინგის შემდგომ გველოდება „ნოკაუტების“ ტურები, 15 დეკემბრიდან უკვე ცოცხალი ეთერები დაიწყება.

 

გვანცა კილასონია, „ვოისი საქართველოს“ მთავარი პროდიუსერი:

თითო მწვრთნელის ორ-ორი კონკურსანტის რინგს დღეს ვიხილავთ. წინა რინგებისგან განსხვავებით, ყველა მწვრთნელს უკვე გამოყენებული აქვს მოტაცების უფლება, 2-2 კონკურსანტის მოტაცების უფლება ჰქონდათ, ბოლო რინგისთვის არ დაუტოვებიათ, შესაბამისად, მონაწილეები პირდაპირ ტოვებენ პროექტს და დარჩენის შანსი აღარ აქვთ.

ძალიან ძლიერი მონაწილეები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, გამოვყოფდი რუსკა ჟიჟიაშვილისა და ელენე მიქიაშვილის დუეტს, რომლებმაც ბიონსეს სიმღერა შეასრულეს. სხვა გამოსვლებიც მაყურებლისთვის დასამახსოვრებელი იქნება, გამორჩეულად ერთი, რომლის დროსაც ქეთა თოფურია ატირდა.

ჩვენ დღევანდელი რინგის ერთ-ერთ მონაწილეს, მომღერალ მარიამ აბდუშელიშვილს დავუკავშირდით. მისი და გიორგი ნადიბაიძის გამოსვლა მათი მწვრთნელისთვის ყველაზე ემოციური აღმოჩნდა.

მარიამ, გავიგეთ, რომ ქეთა თოფურია აატირე…

mari abdushelishviliმარიამ აბდუშელიშვილი:

(იღიმის) როგორც ჩანს, გადაწყვეტილი ჰქონდა, ვის დატოვებდა და თანაც, ნამღერზეც აეტირა. სემ კუკის ცნობილი სიმღერა შევასრულეთ „A Change Is Gonna Come“, რომელიც თავისთავად, ძალიან ემოციური სიმღერაა და ეძღვნება შავკანიანების ჩაგვრის თემას.

„ვოისში“ მონაწილეობით კმაყოფილი ხარ?

„ვოისში“ ახალი ადამიანები აღმოვაჩინე, კონკურსანტებს ვგულისხმობ. რამდენიმე ისეთი მუსიკოსი გავიცანი,რომლებთანაც მეგობრობასაც გავაგრძელებ და რამდენიმე სიმღერის ჩაწერას ვგეგმავ.

გარდა ამისა, დიდი ხანია, მინდა ამერიკაში დაბრუნება, ბერკლიში სწავლის ერთი წელიწადი მაქვს დარჩენილი. სიმღერების ჩაწერის შემდეგ, დაახლოებით სამ თვეში, შვილთან ერთად დავუბრუნდები ამერიკას. ის 2 წლისა და 2 თვისაა. ველოდებოდი, როდის წამოიზრდებოდა, რომ მისი ბაღში დატოვება შემძლებოდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ შემიძლია, გავემგზავრო და სწავლა დავამთავრო (იღიმის).

დავინტერესდით მარიამის მწვრთნელის, ქეთა თოფურიას შთაბეჭდილებებით დღევანდელი რინგიდან და მომღერალს დავუკავშირდით ერთი საათით ადრე, სანამ საქართველოს დატოვებდა.

Screenshot_8ქეთა თოფურია:

დღევანდელი რინგი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით ის გამოსვლა, რომელზეც მკითხეთ და ორი მონაწილე. ძალიან განვიცადე მათი გამოსვლა და მათი შესრულება, როგორც იტყვიან, შემეხო… არ ვარ ისეთი ადამიანი, რომელიც თავს ვერ იკავებს და ვერ აკონტროლებს, მაგრამ მარიამისა და გიორგის სიმღერისას პირველად ავტირდი საზოგადოების წინაშე, თავი ვერ შევიკავე… ფანტასტიკური შესრულება იყო და ამას მაყურებელი თავადაც მოისმენს დღეს. გულდასაწყვეტი იყო, რომ ერთ-ერთმა მათგანმა პროექტი დატოვა.

რუსეთში თუ ადევნებენ თვალს შენი მონაწილეების გამოსვლებს, ინტერნეტით მაინც?

ჩემი კონკურსანტები ყველას ძალიან აინტერესებს. იციან, რომ „ვოისის“ მწვრთნელი ვარ და დიდი ინტერესია იმის მიმართ, როგორ გამოიყურება ჩემი გუნდი… მაქსიმალურად ვუწყობ ხელს ჩემს კონკურსანტებს, ვცდილობ, წინ წავწიო.

როგორ ფიქრობ, შესაძლოა, რომელიმე მათგანს შენთან დუეტის ჩაწერის შანსი გაუჩნდეს?

(იღიმის) დუეტის ჩაწერა ალბათ არ არის შესაძლებელი, მაგრამ პროექტის ბოლოს, ყველა მწვრთნელი, კონკურსანტთან ერთად, ცოცხლად ასრულებს სიმღერას. ეს მშვენიერი წინსვლის საშუალება იქნება მათთვის. როცა ინტერნეტით დაიდება, ამ ვიდეოს ბევრი ადამიანი ნახავს, რადგან ინტერნეტით ჩემი მონაწილეობით ვიდეოები დიდი პოპულარობით სარგებლობს…

ნინო მურღულია

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები