LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქობულეთში 10 მლნ–იანი ინვესტიცია იგეგმება

119

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ჩინელი ბიზნესმენები 10 მილიონის ინვესტიციას გეგმავენ.

ინვესტორები ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, სასტუმრო კომპლექსის, სამორინესა და საცურაო აუზის მშენებლობას გეგმავენ.

ამის შესახებ „ფორტუნასთან“ ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ტერიტორიაზე რომელიც ზღვის სანაპიროსთან ახლოსაა 8 სართულიანი შენობა უკვე არსებობს.

“შენობა ინვესტორებმა შეაფასეს და მათი თქმით, ის საკმაოდ გამძლე და მყარია. 100 ნომრიან სასტუმროზე მეტი, გათავისუფლებულია კაზინოს ლიცენზიისგან, ამიტომ ისინი სულ მცირე 100 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას აპირებენ, შესაბამისად 8 სართულიან შენობაზე კიდევ დაშენდება რამდენიმე სართული”, – განაცხადა სულხან ევგენიძემ.

ქობულეთის გამგებელმა “ფორტუნასთან” განაცხადა, რომ ინვესტორებს ამ პროექტის დაჩქარება სურთ, თუმცა ძველი დოკუმენტების არ არსებობის გამო, მშენებლობის დაწყება დროში გაიწელა.

ამჟამად შენობის კომპლექსური შესწავლა და დაპროექტება მიმდინარეობს.

“არქივში სამწუხაროდ, არ არსებობს ამ შენობის ნახაზები, ამიტომ ინვესტორებმა აიყვანეს ადგილობრივი არქიტერქორი და თავად ამზადებენ ნახაზებს. ასევე, ხდება პროექტირება”, – განაცხადა ევგენიძემ.

ქობულეთში, ადგილმდებარეობის და ბათუმთან არაკონკურენტუნარიანი პირობების გამო, მსხვილი ინვესტიციები იშვიათად ხორციელდება. შესაბამისად, ამ პროექტის განხორციელება მუნიციპალიტეტისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია.

თამთა უთურგაშვილი