LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქობულეთში ნაგავსაყრელის მშენებლობისთვის განკუთვნილი თანხა შპს–მ მიითვისა

49

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებული, შპს „ჰიგიენას“ ყოფილი ხელმძღვანელი, ირაკლი ცეცხლაძე ბრალდებულის სახით დააკავა.

გამოძიების შედეგად შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა,  რომ ბრალდებულმა, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა კომპანიის ანგარიშზე არსებული, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა, რაც უნდა მოხმარებოდა ქობულეთის მუნიციპალიტეტში თანამედროვე ნაგავსაყრელის მშენებლობას.

“ბრალდებულის  დაკავებისას ამოღებული  იქნა თანხის ნაწილი. სასამართლომ უკვე იმსჯელა აღმკვეთ ღონისძიებაზე და ბრალდებულს დაპატიმრება შეეფარდა”,– ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.