LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქრისტინა აგილერა ქართული სიმღერით ანსამბლმა „ბათუმმა“ აღაფრთოვანა – „მადლობა გადაგვიხადა…“

366

ქრისტინა აგილერა ბათუმში გუშინწინ საღამოს ჩამოფრინდა. მომღერალი ბათუმს 40-კაციანი შემადგენლობით ეწვია, რომელშიც მისი ბენდის წევრები, მოცეკვავეები და ტექნიკური ჯგუფია გაერთიანებული. გუშინ საღამოს აგილერა, თავის თანმხლებ პირებთან ერთად, რესტორან „აჭარის ღვინის სახლს“ ესტუმრა, სადაც ქართული კერძები დააგემოვნა.

მოგვიანებით, აგილერას ერთ-ერთმა მოცეკვავემ, დომენიკ დომინგომ საკუთარ „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ასახულია, როგორ უმღერეს ქართული სიმღერა „ვკეცე, ვკეცე…“ მოცეკვავემ დაწერა: „როცა ვახშამზე ისმენ საუკეთესო სერენედას, რაც კი აქამდე მოგისმენია… ეს ვიდეო ვერ წარმოაჩენს კარგად ამ მამაკაცებს. იმ ოთახში უნდა ყოფილიყავით. მათი კოლექტიური ჰარმონიით წამოსული ვიბრაციები ჭეშმარიტად სულიერი გამოცდილება იყო. ისინი არავინ გაგვაცნო, ასე რომ, არ ვიცი, ვინ არიან, მაგრამ ამქვეყნიდან არ იყვნენ…“

რადიო „ფორტუნამ“ გამოარკვია, ვინ უმღერა ქრისტინა აგილერას სერენადა – ეს გახლავთ ანსამბლი „ბათუმი“. მის ერთ-ერთ წარმომადგენელს, სულხან ჯაიანს ექსკლუზიურად დავუკავშირდით.

სულხან ჯაიანი:

გვერდზე სუფრაზე ვისხედით იმავე რესტორანში მე და ჩემი მეგობრები, სახელმწიფო ანსამბლ „ბათუმის“ მცირე შემადგენლობა. ძალიან სპონტანურად მოხდა ჩვენი შეხვედრა ქრისტინა აგილერასა და მისი ჯგუფის წევრებთან. მათ ორი სიმღერა შევუსრულეთ, ერთი „ვკეცე, ვკეცე“, რომლის ვიდეოც გავრცელდა, მეორე კი „შემოდგომის ყვავილებს“.

ნამდვილად არ ველოდით ასეთ შეფასებებს. მუსიკოსები კიდევ განსხვავებულად უსმენენ სიმღერებს, ისეთი ოვაციები მივიღეთ… ინტერნეტში წავიკითხე კომენტარი, თურმე, უცხოელებს ნიგვზიანი კერძების გარდა კიდევ მოსწონთ რაღაც საქართველოშიო (იღიმის).

ძალიან გაგვიხარდა, რომ ქრისტინა აგილერასგან ასეთი შეფასებები მივიღეთ. აკრძალული იყო ვიდეოებისა და ფოტოების გადაღება, მაგრამ თავად მოვიდა ჩვენთან და ფოტო გადაიღო (იღიმის). მადლობა გადაგვიხადა სიმღერებისთვის… თავად ქრისტინა აღფრთოვანებული იყო. მისი ჯგუფის წევრების ოვაციებმა კი მოლოდინს გადააჭარბა.

ნინო მურღულია

ფოტოები ექსკლუზიურად “ფორტუნასთვის”

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები